ახალი ამბები

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი და ადგილობრივები ბაგებში მშენებლობას აპროტესტებენ

9 სექტემბერი, 2020 • 1649
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი და ადგილობრივები ბაგებში მშენებლობას აპროტესტებენ

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ბაგებში, წყნეთის გზატკეცილის 22 ნომერში, რვასართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

თეა გოდოლაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ ტერიტორიაზე გრუნტები არამდგრადია და კორპუსის მშენებლობა აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე არსებულ სხვა ნაგებობებსაც საფრთხეს უქმნის და მისი მდგრადობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას:

“ჩემს სახლთან შენდება, ჩემი სახლის წინ, აბსოლუტურად დაუშვებელ ადგილას, სადაც არცერთი პარამეტრით მშენებლობა არ შეიძლება, გასცეს სამშენებლო ნებართვა. არის ძალიან არამდგრადი გრუნტები, არ ვარგა მთაწმინდის ფერდი და ნებისმიერი ასეთი მშენებლობა საფრთხეს ზრდის” – ამბობს სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, გეოლოგიური დასკვნა, რომელიც მშენებელმა კომპანიამ მერიას წარუდგინა, არაკვალიფიციურია:

“ერთ-ერთ კორპუსს მერიამ ჩაუტარა გამაგრებითი სამუშაოები, რადგან სხვა კორპუსზე სამშენებლო ნებართვა რო გაიცა, დაიტბორა გრუნტი და დაძრა მეორე კორპუსი.ჩატარებული გეოლოგიური კვლევა არაკვალიფიციურია. სამ კინკილა ფურცელზეა გეოლოგიური დასკვნა, რომელიც დაწერილია მეთოდით და ენით, რომელსაც იყენებდნენ 1920 წელს. ამას არანაირი დატვირთვა არ აქვს. პრინციპულად არ შეიძლება აქ გრუნტის ამგვარი დატვირთვა. ნაყარი მიწაა, ამაზე რომ დასვა კორპუწი წამოვა და მეორე კორპუსს დაეტაკება” – ამბობს გოდოლაძე.

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა მერიის არქიტექტურის სამსახურს. უწყებაში ამბობენ, რომ წყნეთის გზატკეცილი #22დ-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით, არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა 2020 წლის 16 თებერვალს, ხოლო მშენებლობის ნებართვა გაიცა 2020 წლის 2 სექტემბერს.

არქიტექტურის სამსახურის განცხადებით, დამკვეთის მიერ, სხვა საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად, წარმოდგენილი იყო საექსპერტო შეფასება ანგარიშზე – მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით, სამშენებლო მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების გამოკვლევის თაობაზე:

“აღნიშნული დასკვნის მიხედვით: „ანგარიში იმსახურებს დადებით შეფასებას და შეიძლება დაედოს საფუძვლად მშენებლობის პროექტს საინჟინრო გეოლოგიურ ნაწილში“. ასევე წარმოდგენილი იქნა საექსპერტო შეფასება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის პროექტის კონსტრუქციულ ნაწილზე, სადაც დასკვნის სახით აღნიშნულია: „საცხოვრებელი სახლის პროექტის გაცნობისას, შენობისა და მისი კონსტრუქციული ელემენტების კომპიუტერული მოდელის გაანგარიშებისა და შედეგების ანალიზი იძლევა საფუძველს დავასკვნათ, რომ მისი მდგრადობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. პროექტის მიმართ დადებითი შეფასება შესაძლებელს ხდის მიეცეს რეკომენდაცია დასამტკიცებლად და გაიცეს მშენებლობის ნებართვა“. – აცხადებენ მერიაში.

ამასთან, არქიტექტურის სამსახურში აღნიშნავენ, რომ საპროექტო ტერიტორია არ ექცევა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილი გეოდინამიკური საფრთხეების არეალში:

“აღსანიშნავია, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურში ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ოფიციალური საჩივარი არ დაფიქსირებულა. ასევე არ შემოსულა ალტერნატიული საექსპერტო შეფასებები, რომელიც მიუთითებდა რაიმე სახის გეოდინამიკურ საფრთხეებზე” – აცხადებენ მერიაში.

აღნიშნულ საკითხზე დამოუკიდებელი კვლევის ჩატარებას გეგმავს სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელიც. მერიაში კი ამბობენ, რომ ნებართვის გასაჩივრების მექანიზმი არსებობს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ ზომას მიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი