ახალი ამბები

მიახლოებითაც კი არ არის დრონი იქ ნამყოფი – ადვოკატი ბაჩალიაშვილის საქმეზე

7 სექტემბერი, 2020 •
მიახლოებითაც კი არ არის დრონი იქ ნამყოფი – ადვოკატი ბაჩალიაშვილის საქმეზე

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პოლიციას დრონით ის ადგილს არ უძებნია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, დრონით გადაღებულ მასალაში სხვა ტერიტორიაა დაფიქსირებული. ჯამში მისი თქმით, დრონით 9 ვიდეო და 62 ფოტო გადაიღეს. ვიდეოს ქრონომეტრაჟი დაახლოებით 35 წუთია. ადვოკატის ცნობითვე, პოლიცია  დაკარგულ ბაჩალიაშვლს დრონით ორი დღის ფარგლებში, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, დაახლოებით 30 წუთი ეძებდა. მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოებს პოლიცია ერთი დრონის საშუალებით ახორციელებდა.

“ეს ჩანაწერები გაკეთებულია 19 ივლისიდან 21 ივლისამდე. შემიძლია გითხართ, რომ ეს არ არის სამძებრო სამუშაოები. მიახლოებითაც კი არ არის დრონი იქ ნამყოფი. ფაქტობრივად, გაურკვეველი ტერიტორიებია დაფიქსირებული. სპეციალურად არ ჩატარდა სამძებრო სამუშაოები იმ მიმართულებით, სადაც გაიარა თამარის ავტომობილმა. ვითომდა მაწევანში უნდა ყოფილიყო ავტომობილი, მაგრამ იქ მოძებნილი არ არის”.

ადვოკატმა ნეტგაზეტთან დააზუსტა, რომ დრონის მიერ გადაღებული კადრები იდენტიფიცირებადი არ არის. მისი თქმით, კითვებზე პასუხი არც პროკურატურაში აქვთ. ადვოკატის თქმით, დრონს გადაღებული აქვს ავტოსადგური და რკინიგზის ლიანდაგები, რაც მას უკვირს, რადგან იმ ტერიტორიაზე რკინიგზა არ გადის. ადვოკატის შეფასებით, საბოლოო ჯამში, ჩანს, რომ დრონით ჩატარებულ სამძებრო სამუშაოებს ‘მოვალეობის მოხდის” ელფერი დაკრავს და არა რეალური საქმე.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში 4 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შესახებ. აღნიშნულის მიხედვით, როგორც პროკურატურა აცხადებს, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩენილი მედიკამენტების დოზა ასეულობით აღემატება ლეტალურ მაჩვენებლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი