ახალი ამბები

ოპოზიციურ ყულაბას არაფერს არ აკლებს, ცოტას უმატებს — ბერძენიშვილი სააკაშვილის პრემიერობაზე

7 სექტემბერი, 2020 • 1070
ოპოზიციურ ყულაბას არაფერს არ აკლებს, ცოტას უმატებს — ბერძენიშვილი სააკაშვილის პრემიერობაზე

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი ოპოზიციური კოალიციის “ძალა ერთობაშიას” მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის წარადგენას გამოეხმაურა. მისი თქმით, სააკაშვილის ეს ნაბიჯი ოპოზიციურ ამომრჩეველს და ოპოზიციურ ყულაბას არაფერს არ აკლებს და ცოტას უმატებს.

“ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლის სრულად მობილიზება მოხდება, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ერთ კაცსაც არ დატოვებს სახლში, ვინც სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” განსაკუთრებული მომხრეა. ამასთანავე, ის ადამიანები, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობას” არ მისცემენ ხმას, მითუმეტეს, თუ მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატი იქნება და მანამდე ჭოჭმანობდნენ, ეს ხალხი არსად არ აორთქლდება და ხელისუფლების მომხრე კი არ გახდება, გადანაწილდება სხვა ოპოზიციურ პარტიებში”, — განუცხადა “მთავარ არხს” ბერძენიშვილმა.

ოპოზიციური კოალიცია “ძალა ერთობაშია” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს წარადგენს. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ, დღეს, 7 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“იმისათვის, რომ ამ გადაწყვეტილების გაანალიზება მოხდეს სწორად და გავიგოთ მისი მნიშვნელობა, უნდა გავიხსენოთ, რა სახელმწიფო ჩაიბარა 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომლისგანაც აღარაფერი იყო დარჩენილი სატელეფონო კოდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა”, – აღნიშნა ვაშაძემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას.

მისი თქმით, “სააკაშვილის რესურსის გამოყენება სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად აუცილებელია”, თუ ქვეყანას შიდა და საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევა სურს.

კითხვას, როგორ აპირებს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას, ვაშაძემ უპასუხა, რომ ამაზე სააკაშვილი თავად ისაუბრებს.

მანამდე, 6 სექტემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბრუნების გეგმაზე დღეს, 7 სექტემბერს, ისაუბრებს. მან გასულ წლებშიც, რამდენჯერმე დააანონსა საქართველოში დაბრუნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი