ახალი ამბები

იმედია, ზურაბიშვილი სააკაშვილს არ მისცემს მოქალაქეობას — ბურჯანაძე

7 სექტემბერი, 2020 • 1392
იმედია, ზურაბიშვილი სააკაშვილს არ მისცემს მოქალაქეობას — ბურჯანაძე

“ერთიანი საქართველოს” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის უფლება არ აქვს, რადგან ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა და იმედოვნებს, რომ მას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეობას არ მისცემს.

ასე გამოეხმაურა ბურჯანაძე ოპოზიციური კოალიცია “ძალა ერთობაშია” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის წარადგენას.

როგორც ის ამბობს, მას სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის არ სჯერა, რადგან გარდა იმისა რომ საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, მის წინააღმდეგ კონკრეტული სისხლის სამართლის სამართლის საქმეებია აღძრული.

“მომხრეები სააკაშვილს ჰყავს, მაგრამ, ასევე, ჰყავს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე და ეს მოწინააღმდეგეები ამ შემთხვევაში უკვე პოლარიზაციის მსხვერპლი ხდებიან. პოლარიზაცია აწყობს მხოლოდ და მხოლოდ “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას”, უფრო მეტად ბიძინა ივანიშვილს, ვიდრე ენმ-ს და ძალიან ვწუხვარ, რომ ენმ-მ ეს გზა აირჩია”, — განაცხადა ბურჯანაძემ TV პირველთან.

ოპოზიციური კოალიცია “ძალა ერთობაშია” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს წარადგენს. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ, დღეს, 7 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“იმისათვის, რომ ამ გადაწყვეტილების გაანალიზება მოხდეს სწორად და გავიგოთ მისი მნიშვნელობა, უნდა გავიხსენოთ, რა სახელმწიფო ჩაიბარა 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომლისგანაც აღარაფერი იყო დარჩენილი სატელეფონო კოდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა”, – აღნიშნა ვაშაძემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას.

მისი თქმით, “სააკაშვილის რესურსის გამოყენება სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად აუცილებელია”, თუ ქვეყანას შიდა და საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევა სურს.

კითხვას, როგორ აპირებს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას, ვაშაძემ უპასუხა, რომ ამაზე სააკაშვილი თავად ისაუბრებს.

მანამდე, 6 სექტემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბრუნების გეგმაზე დღეს, 7 სექტემბერს, ისაუბრებს. მან გასულ წლებშიც, რამდენჯერმე დააანონსა საქართველოში დაბრუნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი