ახალი ამბები

შსს: პირველადი ინფორმაციით, აფეთქება კონდიციონერის დამონტაჟებისას მოხდა

4 სექტემბერი, 2020 • 921
შსს: პირველადი ინფორმაციით, აფეთქება კონდიციონერის დამონტაჟებისას მოხდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განმარტებით, პრიველადი ინფორმაციით, თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე სადღესასწაულო ცენტრ “დეჟავუში” აფეთქება კონდიციონერის დამონტაჟებისას მოხდა.

რაც შეეხება დაშავებულებს, სირაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან როგორც მუშები, ასევე, გამვლელიც:

“პირველადი ინფორმაციით, დაშავებულია 3 პიროვნება და გარდაცვლილია ერთი პირი. მიმდინაროებს საგამოძიებო მოქმედებები. მუშაობს ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აფეთქება გამოიწვია კონდიციონერის დამონტაჟებისას გაზის ბალონმა. დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ორი არის მუშა, ერთი გამვლელი და ერთი, სავარაუდოდ, “დეჟავუს” თანამშრომელი” ,- ამბობს ვაჟა სირაძე.

აფეთქება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადღესასწაულო ცენტრ/კლუბ „დეჟავუში“ დაახლოებით 16:20 წუთზე მოხდა. შსს-ს პირველადი ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების დროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

პოლიცია ადასტურებს, რომ დაშავდა 3 ადამიანი, — რომელთაგან ორი, პირველადი ინფორმაციით, მუშაა, — ერთი მამაკაცი კი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზეა.

შსს აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი