ახალი ამბებისამართალი

შოთაძე ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ომბუდსმენს შეხვდა

3 სექტემბერი, 2020 • 1542
შოთაძე ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ომბუდსმენს შეხვდა
გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ და ნინო ლომჯარიამ ისაუბრეს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის შესახებ და ყურადღება გამახვილდა გამოძიების ფარგლებში ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე, ასევე, საქმეში გამოვლენილ გარემოებებზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, სახალხო დამცველს მიაწოდოს სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე.
როგორც ცნობილია, სახალხო დამცველი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შეისწავლის.

სახალხო დამცველის განმარტებით, ამ ეტაპზე არაერთი კითხვა ჩნდება საქმის მასალებთან დაკავშირებით და აპარატის ჩართულობის მიზანია დადგინდეს, არის თუ არა გამოძიება ყოველმხრივი, კრიტიკული და ობიექტური.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ საკუთარ ავტომობილში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახს არ სჯერა მისი თვითმკვლელობის ვერსიის და არ ენდობა გამოძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი