ნეტგაზეთი | აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.8% იყო აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.8% იყო – Netgazeti
RU | GE  

აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.8% იყო

საქსტატის ინფორმაციით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა. საქსტატის თანახმად, აგვისტოში სურსათზე ფასები 0.5%-ით შემცირდა, თუმცა ტრანსპორტზე ფასები თითქმის 1%-ით გაიზარდა.

თვიური ინფლაციის მაჩვენებლზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.5%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.16 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-10.6%), ბოსტნეული და ბაღჩეული (-2.8%), ასევე- ყავა, ჩაი და კაკაო (-0.7%). ამასთან, ფასები გაიზარდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (2.2%);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1%-ით, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.8%).

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, სურსათზე წლიურად ფასი დაახლოებით 9%-ით მომატებულია, ასევე მომატებულია ფასები თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელზეც.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (18%), ყავა, ჩაი და კაკაო (14.9%), თევზეული (13.5%), ზეთი და ცხიმი (11.9%), რძე, ყველი და კვერცხი (11.7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9%), პური და პურპროდუქტები (9%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8.8%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.5%);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.9%-იანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.6 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.4%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.2%);

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.7%-ით, რაც 0.58 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (11.3%), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (9.5%), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (9.1%).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.