Interviewsახალი ამბები

მერია ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

2 სექტემბერი, 2020 • 953
მერია ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

მერია თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

როგორც  ქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს, 2 სექტემბერს, გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა,  ანძაზე დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება გადმოსახედი, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება, ასევე იქნება კვების ობიექტებიც. კალაძის თქმითვე, პანდემიის გამო შესაძლოა კომპანიების მოძიება გაჭირდეს, თუმცა ბიზნესისთვის ეს პროექტი საინტერესო იქნება.

“გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, რომ შეგვემუშავებინა კონცეფცია, თუ რისი გაკეთება არის შესაძლებელი სატელევიზიო ანძაზე, მისი განვითარება-რეაბილიტაციისთვის. ტენდერში გაიმარჯვა ესტონურმა კომპანიამ „კოკო“, რომელსაც მსგავს ობიექტებზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ უკვე გეგმარება ჩავიბარეთ. საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი ობიექტი გამოდის. დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება გადმოსახედი, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება, ასევე, კვების ობიექტები. ვფიქრობ, რომ თბილისისთვის ჩვენი სატელევიზო ანძის სწორად გამოყენება, ფუნქციის მინიჭება, დამატებითი მიზიდულობის ცენტრი იქნება. გვინდა, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ, რომ ბიზნესსექტორი დავაინტერესოთ. დაახლოებითი გათვლები გვაქვს და პროექტის განხორციელებას 10-დან 15 მილიონ ლარამდე დასჭირდება”,- ამბობს კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი