პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, 2 სექტემბერს, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევაა, სასკოლო პროცესის გადადებაზე არანაირი საუბარი არ არის. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
გახარიას თქმით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს და ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები.
“საუბარია იმაზე, რომ საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს. ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები. ჩვენი პასუხისმგებლობა აქ არის მაღალი იმისთვის, რომ არანაირი რისკი სასწავლო პროცესს არ შეექმნას. ამისთვის საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ზომების მკაცრი დაცვა”, — განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიამ მოუწოდა შესაბამის სამსახურებს, გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები.
“ქალაქის მერიას მინდა მოვუწოდო, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, იმიტომ, რომ სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ, სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს”, — განაცხადა გიორგი გახარიამ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი.
მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ ქვეყანაში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 1 270 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6059 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 239. ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ 41 საქართველოს მოქალაქე გადმოიყვანეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბათუმში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დადასტურდა, შემთხვევების უმეტესობა ე.წ. დონას კლასტერს უკავშირდება.