ახალი ამბები

სახალხო დამცველი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შეისწავლის

1 სექტემბერი, 2020 • 858
სახალხო დამცველი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შეისწავლის. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

დღეს, პირველ სექტემბერს, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და ადვოკატს შეხვდა. სახალხო დამცველის განცხადებით, ის მზადაა ჩაერთოს საქმის შესწავლის პროცესში და ოჯახის ადვოკატთან ერთად გაეცნოს სისხლის სამართლის მასალებს

სახალხო დამცველი ასევე გეგმავს შეხვდეს გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს და პირადად მისგან მოისმინოს საქმესთან არსებულ კითხვებზე პასუხები.

“პროკურატურა სახალხო დამცველს აძლევს სრულ დაშვებას საქმის მასალებზე, ამ გარემოების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია პირადი შეხვედრა გენერალურ პროკურორთან, რადგან დაზარალებული მხარის განცხადებით, სწორედ ირაკლი შოთაძისგან მიიღეს გარკვეული დაპირებები გამოძიებასთან დაკავშირებით”, — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის განმარტებით, ამ ეტაპზე არაერთი კითხვა ჩნდება საქმის მასალებთან დაკავშირებით და აპარატის ჩართულობის მიზანია დადგინდეს, არის თუ არა გამოძიება ყოველმხრივი, კრიტიკული და ობიექტური.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ საკუთარ ავტომობილში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახს არ სჯერა მისი თვითმკვლელობის ვერსიის და არ ენდობა გამოძიებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი