ახალი ამბები

იაგო ხვიჩია ბათუმში მაჟორიტარად იყრის კენჭს

28 აგვისტო, 2020 • 1167
იაგო ხვიჩია ბათუმში მაჟორიტარად იყრის კენჭს

“გირჩის” ერთ-ერთი წევრი იაგო ხვიჩია  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბათუმში მაჟორიტარად იყრის კენჭს. ამის  შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თავად იაგო ხვიჩიამ დაუდასტურა.

მისი თქმით, ბათუმის არჩევის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სწორი საარჩევნო კამპანიის შემთხვევაში “გირჩს” ბათუმში შეუძლია წინა არჩევნების შედეგების გაუმჯობესება. როგორც ხვიჩია ამბობს, თუკი თავად იქნება ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატი, “გირჩს” უფრო მეტი შანსი ექნება.

“სუბიექტური ფაქტორებიც მაქვს, პირადად ბევრი მეგობარი მაკავშირებს ბათუმთან და ძალიან მშობლიური ქალაქია ჩემთვის, საკუთარ სახლში ვგრძნობ ბათუმში თავს. ობიექტურადაც, ჩემი აზრით, ჩვენ ბათუმში წინა არჩევნზებზე დაუმსახურებლად დაბალი ხმები გვქონდა და თუ სადმე შესაძლებელი მგონია, რომ ხმები გაიზარდოს სწორი კამპანიით და, მაგალითად, მე თუ ვიქნებოდი პასუხისმგებელი პირი, როგორც მაჟორიტარი, ასეთ შემთხვევაში ჩავთვალე, რომ უფრო მეტი შანსია, ახალი ადამიანები ვიპოვო, ფაქტობრივად, ბათუმში. მეორე, რომ აჭარაში ტარდება ადგილობრივი არჩევნები და ძალიან გვინდა, რომ აჭარის უზენაეს საბჭოში ერთი წარმომადგენელი, ლალი ანთიძე გვყავდეს “, — განაცხადა ხვიჩიამ.

გარდა ამისა, როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, “გირჩი” საქართველოს რეგიონებში, 8-10 ოლქში აპირებს მაჟორიტარების დაყენებას, მათ შორის: რუსთავში, ხაშურში, ფოთსა და თელავი-ლაგოდეხის სამაჟორიტარო ოლქში. მისივე თქმით, ფოთში მაჟორიტარობის კანდიდატად უკვე წარადგინეს ბორის ყურუა.

მისი განმარტებით, “გირჩმა” რეგიონებში მაჟორიტარების დაყენება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე ოპოზიციის შეთანხმება მხოლოდ თბილისის ოლქებზე გავრცელდა.

“ზოგადად, იცით, რომ ჩვენ მაჟორიტარებზე არ ვფიქრობდით, იმიტომ, რომ ოპოზიციას გამარტივებოდა შეთანმხება ყველაზე რთულ საკითხზე. მერე მოხდა ისე, რომ შეთანმხების მიღწევა არის თბილისში შესაძლებელი და სხვაგან არსად. ერთ-ერთი შეთანხმების საგანი იყო ზურაბ ჯაფარიძე დიდუბეში. ამის შემდეგ დღის წესრიგში დადგა საკითხი, რას ვშვრებით დანარჩენ მაჟორიტარებზე”, — განაცხადა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი