ახალი ამბები

ბელარუსთან ყველა კონტაქტი დაპაუზებულია — უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

28 აგვისტო, 2020 • 1383
ბელარუსთან ყველა კონტაქტი დაპაუზებულია — უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ უკრაინამ ბელარუსულ მხარესთან ყველა კონტაქტი გაყინა, რითაც ბელარუსის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოხატა. ამის შესახებ ინფორმაციას  UNIAN ავრცელებს. მათივე ცნობით, კულებამ აღნიშნული განცხადება უკრაინული ტელეარხ “1 + 1-თან” 27 აგვისტოს ინტერვიუს დროს გააკეთა.

“ფაქტობრივად, ყველა პროცესი, ყველა კონტაქტი ბელარუსულ მხარესთან არის დაპაუზებული. მე შემიძლია ეს ოფიციალურად დაგიდასტუროთ. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. როდესაც დავწრმუნდებით, რომ ეს კონტაქტები უკრაინას არც რეპუტაციულ, არც პოლიტიკურ და არც მორალურ ზიანს არ მიაყენებს, მხოლოდ მაშინ აღდგება”,— განაცხადა კულებამ.

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსში უკრაინის ელჩი კიევში კონსულტაციებისთვის გამოიწვია.

9 აგვისტოს არჩევნების შედეგებით, რომლებიც ბელორუსის საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, ალექსანდრე ლუკაშენკო დიდი უპირატესობით ლიდერობს. მის მთავარ კონკურენტად მიჩნეული სვეტლანა ტიხანოვსკაია შედეგებს არ აღიარებს.

არჩევნების შემდგომ ბელორუსში დაიწყო ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით. ბელორუსში აქციების ორგანიზებისათვის აქტიურად იყენებენ “ტელეგრამს”. პროტესტის პირველ დღეებში პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, ძალოვნების ქმედებებისა და შეტაკებების შედეგად დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც დაკავების იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან. დადასტურებულია ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ.

ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები ბელორუსის დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში 16 აგვისტოს გაიმართა. გაფიცულნი არიან მსხვილი ქარხნების მუშები და სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი. 17 აგვისტოს ლუკაშენკოს არაერთგზის მოუწია უკმაყოფილო შეძახილების მოსმენა სატრაქტორო ქარხნის მუშების მხრიდან, რომელთა წინაშეც ის სიტყვით გამოვიდა.

აღნიშნული გამოსვლისას ლუკაშენკომ გამორიცხა ხელახალი არჩევნების ჩატარება, თუმცა მისი რიტორიკა ნაწილობრივ შეიცვალა დღის ბოლოს: მან თქვა, რომ ახალი არჩევნები მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ალექსანდრე ლუკაშენკომ არაერთგზის ახმიანებს ხისტ შეფასებებს დემონსტრაციების მონაწილეთა მიმართ და ამბობს, რომ ისინი საზღვარგარეთიდან იმართებიან. 19 აგვისტოს კი თქვა, რომ სახელმწიფომ არმიის ნაწილები ბელორუსის დასავლეთ საზღვრებთან გადაისროლა უცხო ქვეყნების მთავრობების განცხადებების საპასუხოდ. საუბარია განცხადებებზე, რომლებითაც დასავლეთის ქვეყნები კრიტიკულად აფასებენ ვითარებას ბელორუსის შიგნით.

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსს 26 წელია მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი