ახალი ამბები

საჭირო იყო მისი სამომავლო გეგმების დაზუსტება, პრემიერად დასახელება ლოგიკური იქნება — გოცირიძე სააკაშვილზე

27 აგვისტო, 2020 • 875
საჭირო იყო მისი სამომავლო გეგმების დაზუსტება, პრემიერად დასახელება ლოგიკური იქნება — გოცირიძე სააკაშვილზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის თქმით, საქართველოში დაბრუნების შესახებ მიხეილ სააკაშვილის მორიგი ვიდეომიმართვა ბევრ რამეს სცემს პასუხს.

როგორც გოცირიძე “ნეტგაზეთთან” ამბობს, სააკაშვილის სამომავლო გეგმების დაზუსტება და “ნათელი პოზიციის გაგება” საჭირო იყო იმისთვისაც, რომ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განეხილათ.

მისი თქმით, პარტია ჩრდილოვან კაბინეტზე მსჯელობს და სააკაშვილის პრემიერად დასახელება ლოგიკური იქნებოდა.

“მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების საკითხს პარტია ახლო მომავალში განიხილავს. პოლიტსაბჭოზე იყო მსჯელობა იმის თაობაზე, წარდგეს თუ არა პარტია არჩევნებზე ჩრდილოვანი კაბინეტით და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატით. ფაქტობრივად, უმეტესობა ამისკენ იხრებოდა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას, საჭირო იყო მისი სამომავლო გეგმების დაზუსტება. მას სერიოზული როლი აკისრია უკრაინაში და აღებული აქვს შესაბამისი ვალდებულებები. ამიტომ ამ საკითხის განხილვისას მისი ნათელი პოზიციის გაგება იყო აუცილებელი”, — განაცხადა გოცირიძემ.

ენმ-ის პოლიტიკური გუნდისგან სააკაშვილის პრემიერად დასახელებას ლოგიკურად მიიჩნევს “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრი ხატია დეკანოიძე. ის “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ ეს ვიდეო უფრო იყო საარჩევნო კამპანიაში ჩართვა.

“ყველა პოლიტიკურ გუნდს აქვს სრული უფლება დაასახელოს საკუთარი პრეზიდენტობის კანდიდატი, მათ შორის- გამორჩეული ლიდერიც. ამიტომ სრულად ლოგიკური იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის დასახელება. ეს ვიდეო უფრო საარჩევნო კამპანიაში ჩართვა იყო, იყო მოქალაქეებისთვის მიმართვა, მათ შორის ის, როგორ წარმოუდგენია მას საქართველო, როგორ ხედავდა წარსულს და როგორ ხედავს [მომავალს] და ა.შ.”, — განაცხადა დეკანოიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელ კომიტეტს თავმჯდომარეობს, 27 აგვისტოს ვიდეომიმართვა გაავრცელა:

ვიდეომიმართვაში სააკაშვილი უკრაინაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ქვეყანა მისი მეორე სახლია, თუმცა მიმართვის ბოლოს საქართველოსთან მის დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას და დასძენს: „მე ვბრუნდები“.

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ მორიგ მიმართვას გამოეხმაურა. წულუკიანის თქმით, თუ სააკაშვილი  საქართველოში ჩამოვა, საზღვარზევე დააკავებენ.

“ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერი, რომლითაც ის ქართველ ხალხს მიმართავს, თითქოს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით. თუ ის იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას ელოდება, რა თქმა უნდა, დაკავების პროცედურა საზღვარზევე და, რა თქმა უნდა, ქართული საპატიმრო, ვინაიდან ის არის ძებნილი და მის მიმართ დამდგარია არაერთი ინსტანციის მიერ ძალაში შესული განაჩენები, რომელიც შეიძლება მერე გადაისინჯოს, როდესაც საპატიმროში იქნება”, — განაცხადა წულუკიანმა.

მე ვბრუნდები! – სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი