ახალი ამბებისამართალი

თბილისში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ორი პირი დავაკავეთ — შსს

27 აგვისტო, 2020 •
თბილისში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ორი პირი დავაკავეთ — შსს

თბილისში პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, ხოლო ერთი პირი- განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ზ-მ, რომელიც თბილისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა, ამავე ქუჩაზე მცხოვრებ გ.ს-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა ბ.ბ., რომელმაც მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

“დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ს. საავადმყოფოში გარდაიცვალა”, — აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს განმარტებით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა/დაკავების მიზნით გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი