ახალი ამბები

მერია: დადიანის ქუჩა თამარ მეფის გამზირს ხიდით დაუკავშირდება

27 აგვისტო, 2020 • 1498
მერია: დადიანის ქუჩა თამარ მეფის გამზირს ხიდით დაუკავშირდება

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, რომ დადიანის ქუჩა და თამარ მეფის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდებიან. 27 აგვისტოს თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის (TBT) პრეზენტაციაზე ბითაძემ განაცხადა:

„ორი ძირითადი გეგმა გვაქვს – ქუჩების რეაბილიტაცია და საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები. წელს სამი დიდი გამზირის რეაბილიტაცია გვქონდა დაგეგმილი, თუმცა, პანდემიისა და შემცირებული ბიუჯეტიდან გამომდინარე, დროებით გადაიდო. ესენია: ვაჟა-ფშაველას, ქეთევან დედოფლისა და წერეთლის გამზირები. დახაზვების გეგმა პრაქტიკულად მთელ დერეფანშია გათვალისწინებული“.

„ასევე, ზუსტად ვიცით, როდესაც 18-მეტრიანი ავტობუსები ჩამოვა, რა ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ, რომ მათ გადაადგილებისთვის საფრთხე არ შეექმნათ. გვაქვს პროექტი, რომელიც სულ მალე განხორცილდება. საფინანსო ინსტიტუტების, აზიის განვითარების ბანკის იმედი გვაქვს, რომ პროექტირებაში დაგვეხმარებიან. ეს არის დადიანის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის დამაკავშირებელი ახალი ხიდი, რაც თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის რეალიზაციისთვის აუცილებელია“, – განაცხადა ბითაძემ.

„დადიანი-თამარ მეფის ხიდი ამ ორ მიმართულებას დააკავშირებს ერთმანეთთან. რაც მთავარია, კერძო ავტომობილებს ნაძალადევში მიღწევის პრობლემა აღარ ექნებათ და არ მოუწევთ სატრანზიტოდ ჩუღურეთისა და დიდუბის გამოყენება“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი