ახალი ამბები

ხელისუფლებას შეუძლია, ეს ოპოზიციის წინააღმდეგაც გამოიყენოს — ბურჯანაძე “ოცნების” ინიციატივაზე

26 აგვისტო, 2020 • 625
ხელისუფლებას შეუძლია, ეს ოპოზიციის წინააღმდეგაც გამოიყენოს — ბურჯანაძე “ოცნების” ინიციატივაზე

“ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე “ქართული ოცნების” ინიციატივას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს. ბურჯანაძის თქმით, ქვეყანაში ამომრჩევლის დაშინება ოპოზიციას არ შეუძლია და თუ მსგავსი კანონი ამოქმედდება, მაშინ ხელისუფლების მაღალჩინოსნების საწინააღმდეგოდ უნდა იყოს მიმართული.

თუმცა ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ეს კანონი ოპოზიციის წინააღმდეგაც გამოიყენოს.

“ეს ქმედებები ისედაც დასჯადი იყო და ახლა ადამიანს ნამდვილად არ მოუნდება არჩევნების კანონის დარღვევის გამო არც სამი წლით და არც ერთი წლით ციხეში წასვლა. რეალურად, ეს კანონი თუ იმოქმედებს, ეს იმოქმედებს ხელისუფლების მაღალჩინოსნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ შერჩევითი სამართლის პირობებში ჩვენ ვიცით, რომ პრაქტიკულად, დასჯით არავინ არ დაისჯება. ახლა ოპოზიცია,- თუ ძალიან არ მოინდომებ, რომ დააბრალო,- ვერ შეძლებს ამომრჩევლის დაშინებას. დაშინება ვის შეუძლია — ამომრჩევლის დაშინება მას შეულძია, ვისაც შეუძლია, მოუხსნას სოციალური დახმარება, ვისაც შეუძლია, ამომრჩეველი სამსახურიდან გააგდოს, ოპოზიცია ამას ვერ შეძლებს. თუმცა მონდომების შემთხვევაში ხელისუფლებას შეუძლია ეს ოპოზიციის წინააღმდეგაც გამოიყენოს”, — განაცხადა “მთავარ არხთან” ნინო ბურჯანაძემ.

დღეს, 26 აგვისტოს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქცია განისაზღვრება, ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევაში.

„საარჩევნო კოდექსში მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც“, – ამბობს თალაკვაძე.

მისივე განმარტებით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება ჩადენილი სხვადასხვა ფორმით გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას, ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი