ახალი ამბები

მერია გლდანში გზის ნაწილის ჩავარდნას უხვი ნალექით ხსნის

26 აგვისტო, 2020 • 1792
მერია გლდანში გზის ნაწილის ჩავარდნას უხვი ნალექით ხსნის

თბილისის მერიის განმარტებით, გლდანში, ხიზანიშვილის ახლად რეაბილიტირებულ ქუჩაზე გზის ჩავარდნა უხვმა ნალექმა გამოიწვია. ამის შესახებ დღეს, 26 აგვისტოს, გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრეს.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა თქვა, უხვმა ნალექმა სანიაღვრე ქსელები გადაავსო, რამაც გზის დაზიანება გამოიწვია.

“ახლახან დასრულდა ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაცია, სამუშაოები მიმდინარეობდა დაექსპერტებული პროექტის მიხედვით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე რაიონში შექმნა პრობლემა, მათ შორის იყო ხიზანიშვილის ქუჩა. კერძოდ, უხვი ნალექის შედეგად სანიაღვრე ქსელების გადავსება მოხდა — შეტბორვა, რაც არის პირველადი მონაცემებით ამ დაზიანების გამოწვევი მიზეზი”, — განაცხადა ბენდელიანმა.

მისივე თქმით, მსგავსი სახის პრობლემა რამდენიმე ადგილზე შეინიშნება, რომელზეც ინტენსიურ დაკვირვებას აწარმოებენ და შესაძლოა, ლოკალური ჩარევა გახდეს საჭირო.

თბილისში მოსულ უხვ ნალექზე გაამახვილა ყურადღება თბილისის მერმა, კახა კალაძემაც. მისი თქმით, ასეთი უხვი ნალექი დედაქალაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ხუთჯერ მოვიდა.

“საოცარი მდგომარეობა იყო, ბევრმა ნახა ვიდეობი, რაც ხდებოდა იმ დღეს გლდანში. მე როგორც წავიკითხე გარემოს დაცვის მონაცემები, ბოლო 20 წლის განმავლობაში დაახლოებით ხუთჯერ დაფიქსირდა ასეთი უხვი ნალექი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა”, — განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ თქვა, მიკრორაიონებში ამსვლელ-ჩამომსვლელ გზებზე სერიოზული პრობლემებია, სადაც არანაირი სანიაღვრე სისტემა არ არსებობს და თუ არსებობს, მოძველებულია.

“შესაბამისად, აუცილებელია, რომ დღესვე დაიწყოთ დაპროექტება და სამუშაოების განხორციელება ამ ქუჩებზე ეტაპობრივად. ეზოებშიც სრული კატასტროფა გვაქვს. შესაბამისად, გამგეობასაც მინდა დავავალო, რომ ყველა პროექტის განხორციელებისას აუცილებელია სანიაღვრე სისტემების მოწყობა, მოწესრიგება, რომ ეზოები არ დაიტბოროს”, — განაცხადა კალაძემ.

თუმცა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, რომ  შესრულებულ სამუშაოებზე და საპროექტო დოკუმენტაციაზე მოკვლევა დაიწყოს.

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული ასფალტის საფარი ჩავარდა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილზე გვიან ღამითვე დაიწყო მუშაობა ტექნიკურმა ჯგუფმა.

გლდანის რაიონში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია 2019 წლის მაისში დაიწყო და ძირითადი სამუშაოები, მათ შორის ასფალტის ზედა ფენის დაგება, 2020 წლის ივნისში დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი