ახალი ამბები

“ღირსეული პარტნიორი 2020”: სად და როდის ჩატარდება სამხედრო სწავლება

26 აგვისტო, 2020 • 1742
“ღირსეული პარტნიორი 2020”: სად და როდის ჩატარდება სამხედრო სწავლება

მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2020” სექტემბერში დაიწყება და WHO-სა და ქართველი ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ თავდაცვის სამინისტროში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ისაუბრეს.

სამინისტროს თანახმად, სწავლება 7-18 სექტემბერს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. ღონისძიებაში, ჯამში, 2700 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას საქართველოდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და საფრანგეთიდან. საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკისა და არტილერიის გარდა, პროცესში აშშ-ის საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკაც ჩაერთვება.

“სწავლება არის თავდაცვით ოპერაციებზე ორიენტირებული,სტრატეგიული ხასიათის და მისი მთავარი მიზანია საქართველოს, აშშ-ის, ნატოს წევრი და ჩვენი პარტნიორი  ქვეყნების მზადყოფნის, ურთიერთთავსებადობის ამაღლება; ასევე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების შენარჩუნება და მხარდაჭერა”, – აღნიშნა სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა როლანდ ძნელაძემ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, უწყებამ ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციები გაითვალისწინა და სწავლება “აბსოლუტურად უსაფრთხო პირობებსა და გარემოში” ჩატარდება.

მრავალეროვნული სწავლება საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი