ახალი ამბებისაზოგადოება

ქართველი მეშახტეები, მაღაროელები და მუშები ბელორუსელ კოლეგებს მხარდაჭერას უცხადებენ

25 აგვისტო, 2020 • 1800
ქართველი მეშახტეები, მაღაროელები და მუშები ბელორუსელ კოლეგებს მხარდაჭერას უცხადებენ

ტყიბულელი მეშახტეების, ჭიათურელი მაღაროელების და ქსნის მინის ტარის ქარხნის მუშების ნაწილი ბელორუსელ კოლეგებს მხარდაჭერას უცხადებენ. მათ სოლიდარობის ნიშნად ვიდეომიმართვები ჩაწერეს.

ვიდეომიმართვებს ავრცელებს მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ბელორუსში გაფიცული მუშების სამართლიან პროტესტს. თქვენს ბრძოლაში ყველაზე ძლიერი იარაღი თქვენი სიმართლეა. დებო და ძმებო, გისურვებთ გამარჯვებას თქვენს ბრძოლაში უფლებებისთვის”, — აცხადებენ ისინი.

როგორც ცნობილია, ბოლო კვირებში ბელორუსში მიმდინარე საპტორესტო აქციებში პროფკავშირები და მუშები აქტიურად არიან ჩართულნი. ისინი ბელორუსის პრეზიდენტობის კანდიდატს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას უჭერენ მხარს, რომელიც ამჟამად ლიეტუვაშია წასული.

პროტესტი და შეტაკებები ბელორუსში დაიწყო არჩევნების შემდგომ, რომელშიც, ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანახმად, კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. გასულ დღეებში ბელორუსის პოლიციამ რამდენიმე ათასი ადამიანი დააკავა, დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან. არიან დაკარგულები. ოფიციალური უწყებების მიერ დადასტურებულია ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ. კიდევ ერთი აქციის მონაწილეს კი, ბელორუსის შსს-ს ცნობით, ავტომანქანა დაეჯახა და ასე გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი