ავსტრია ქვეყნიდან რუს დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია Tass ავრცელებს. როგორც გამოცემა ავსტრიულ მედიაზე დაყრდნობით წერს, დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა და ქვეყანა პირველ სექტემბრამდე უნდა დატოვოს.
მათივე ინფორმაციის თანახმად, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ დიპლომატმა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენცია დაარღვია.
სხვა დეტალების, მათ შორის დიპლომატის ვინაობის დასახელებისაგან საგარეო უწყებამ თავი შეიკავა.
თუმცა Tass ავსტრიულ გამოცემა Kronen Zeitung-ზე დაყრდნობით წერს, რომ დიპლომატი სამრეწველო ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. სტატიაში ნათქვამია, რომ დიპლომატი ავსტრიის მოქალაქის მეშვეობით ინფორმაციის შეგროვებაშია ეჭვმიტანილი, რომელიც ავსტრიის ერთ-ერთ მაღალტექნოლოგიურ საწარმოში მუშაობდა.
მათივე ცნობით, ავსტრიის მოქალაქემ ჯაშუშური საქმიანობა თავად აღიარა და თავის კურატორად რუსი დიპლომატი დაასახელა. თავად რუსმა დიპლომატმა კი დიპლომატიური იმუნიტეტის გათვალისწინებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
ვენაში რუსეთის საელჩომ დიპლომატის გაძევება გააპროტესტა და ავსტრიული მხარის გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა.