ახალი ამბები

„ბალტიის გზის“ 31-ე წლისთავზე სოლიდარობის ჯაჭვი თბილისშიც შეკრეს

23 აგვისტო, 2020 • 844
„ბალტიის გზის“ 31-ე წლისთავზე სოლიდარობის ჯაჭვი თბილისშიც შეკრეს

ბალტიის გზის 31-ე იუბილეზე, ბელარუსის დემონსტრაციების მხარდამჭერ „სოლიდარობის ჯაჭვს“ 23 აგვისტოს თბილისშიც შეუერთდნენ მოქალაქეები.

„31 წლის წინ ორმა მილიონმა ადამიანმა ჩაკიდა ერთმანეთს ხელი და გააკეთა ჯაჭვი, რომელიც 600 კილომეტრზე მეტი სიგრძის იყო. ეს ჯაჭვი გამოხატავდა ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის დამოუკიდებლობის სურვილს. ბალტიის გზა გინესის მსოფლიო რეკორდების სიაში შევიდა, როგორც ყველაზე გრძელი ადამიანთა ჯაჭვი. ახლა ბელორუსში ჩვენი დები და ძმები იბრძვიან თავიანთი თავისუფლების დასაცავად, პოლიტპატიმრების განთავისუფლებისთვის, რომ მშვიდობიანი გზით დათმოს ალექსანდრე ლუკაშენკომ თავისი ძალაუფლება. ჩვენ ყველას გვაქვს შანსი და მორალური ვალდებულება გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა იმ ხალხის მიმართ, ვისაც დემოკრატია და თავისუფლება სურს“, – წერენ თბილისში აქციის ორგანიზატორები.

„ბალტიისპირეთის წლისთავზე, 23 აგვისტოს, სოლიდარობის ჯაჭვი გაიბმება ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსიდან ბელორუსის საზღვრამდე – თავისუფლების გზა ბელორუსისკენ. დაახლოებით 40 000 ადამიანი მონაწილეობს ამ ღონისძიებაში. გეპატიჟებით, რომ შეუერთდეთ ამ აქციას აქ, თბილისში. ჩვენ ვიკრიბებით ლიეტუვის საელჩოსთან და შევქმნით ცოცხალ ჯაჭვს ბელორუსის საელჩომდე“, – მოუწოდებდნენ ორგანიზატორები მოქალაქეებს.

დღეს „სოლიდარობის ჯაჭვის“ შეკვრა ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დაიწყება და ბელარუსის საზღვართან დასრულდება.


გარეკანის ფოტო: ბელარუსის მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე. 21.08.2020. ფოტო: ნინო ჩიჩუა/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი