ახალი ამბებირეკლამა

აქუბარდია მოქალაქეების გატაცებაზე: „ოცნების“ პოლიტიკამ რუსეთთან დაკავშირებით ფიასკო განიცადა

22 აგვისტო, 2020 • 1419
აქუბარდია მოქალაქეების გატაცებაზე: „ოცნების“ პოლიტიკამ რუსეთთან დაკავშირებით ფიასკო განიცადა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ხვიჩა მღებრიშვილის უკანონო პატიმრობის შეფარდებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია ეხმაურება. თეონა აქუბარდიას თქმით, აღნიშნული ქმედება რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა და საქართველომ ოკუპანტ ქვეყანას მაღალი პოლიტიკური ფასი უნდა გადაახდევინოს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რათა აღნიშნულ საქმეში აქტიურად ჩაერთონ, რათა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს მოქალაქეები უკანონო პატიმრობიდან.

„ქართული ოცნების“  პოლიტიკამ  რუსეთთან დაკავშირებით სრული ფიასკო განიცადა. მიგვაჩნია, რომ საქართველომ რუსეთს უნდა გადაახდევინოს მაღალი პოლიტიკური ფასი მცოცავი ოკუპაციისთვის და ჩვენი მოქალაქეების უფლებების უხეში შელახვისთვის – თეონა აქუბარდია.

„რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩვენი მოქალაქის, ხვიჩა მღებრიშვილისთვის სრულიად აბსურდული ბრალდებით პატიმრობის მისჯა კიდევ ერთი გამოვლინებაა იმისა, თუ როგორ უპირისპირდება რუსეთი საქართველოს და ჩვენი ხალხის ინტერესებს. სამწუხაროდ, დღემდე  წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება ზაზა გახელაძეც, რომელსაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ჯერ ესროლეს, დაჭრეს და შემდეგ გაიტაცეს ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული ჩვენი მოქალაქეები. ასევე მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას აქტიურად ჩაერთონ მათი გათავისუფლების საქმეში.

მიგვაჩნია, რომ საქართველომ რუსეთს უნდა გადაახდევინოს მაღალი პოლიტიკური ფასი მცოცავი ოკუპაციისთვის და მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის შექმნისთვის.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკამ  რუსეთთან დაკავშირებით სრული ფიასკო განიცადა. მეტიც,  სამწუხაროდ, საქართველოს დღეს არ გააჩნია არც განახლებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და არც საფრთხეების შეფასების დოკუმენტი მომატებულ საფრთხეებთან და რუსეთის ჰიბრიდულ ომთან დასაპირისპირებლად.

იმისთვის, რომ საქართველომ უზრუნველყოს ეროვნული ინტერესები და დაიცვას საკუთარი ხალხი რუსული აგრესიისგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეიქმნას განახლებული უსაფრთხოების სტრატეგია და ჩვენ, „ სტრატეგია აღმაშენებელი“ 31 ოქტომბრის შემდეგ ეროვნული თანხმობის საფუძველზე ყველაფერს გავაკეთებთ ამის შესაქმნელად“, – თეონა აქუბარდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი