ახალი ამბები

„არ გვინდა, საქართველომ აღიაროს ბელარუსის არჩევნების შედეგები“ – სოლიდარობის აქცია თბილისში

21 აგვისტო, 2020 • 1866
„არ გვინდა, საქართველომ აღიაროს ბელარუსის არჩევნების შედეგები“ – სოლიდარობის აქცია თბილისში

თბილისში, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან, ბელარუსში ძალადობის წინააღმდეგ სოლიდარობის ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

აქციის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეები და მათი მხარდამჭერები. აქციის მონაწილეებს მშვიდობის ნიშნად თეთრი ყვავილები ეჭირათ. მსგავსი სოლიდარობის აქციები ქალებმა თავდაპირველად მინსკში დაიწყეს, შემდეგ კი ბელარუსისა და სხვა ქვეყნების ქალაქებში გაგრძელდა.

ისინი ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავრობის ძალადობას აპროტესტებენ და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

„ბელარუსში არჩევნებმა ფალაიფიკაციისა და დარღვევების ფონზე ჩაიარა. არჩევნების შემდეგ ქუჩაში გავიდნენ მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებოდნენ. მათ უნდოდათ გამოეხატათ თავიანთი მშვიდობიანი პროტესტი იმის გამო, რაც მოხდა და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვდნენ. პროტესტი რეზინის ტყვიების გამოყენებით სასტიკად ჩაახშეს. ხალხი არ ელოდა ასეთ სისასტიკეს მილიციისა და ომონის მხრიდან“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ მარინა კორიშმა, ბელარუსის მოქალაქემ, რომელიც თბილისში სასწავლებლად ჩამოვიდა და კორონავირუსის პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი საზღვრების გამო ახლა სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

მისი თქმით, ბელარუსში დაკავებულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ციხეებში აწამებენ და სასტიკად ეპყრობიან, საქართველოში კი ხალხმა არც ისე კარგად იცის, როგორი სიტუაციაა ბელარუსში.

„ბევრი გვეუბნება: თქვენ ისეთი კარგი პრეზიდენტი გყავთ – ბატკა – სად უშვებთ, როგორ იცხოვრებთ მის გარეშე… ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ბატკა. ზრდასრული, დამოუკიდებელი ერი ვართ, გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი და უმრავლესობას ლუკაშენკოსთვის არ მიუცია ხმა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ქართველებს მოვუყვეთ, რა ხდება ბელარუსში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველომ მხარი დაუჭიროს მშვიდობიან პროტესტს ბელორუსში. გვინდა, რომ საქართველომ არ აღიაროს არჩევნების შედეგები“, – ამბობს მარინა კორიში.

მასალების გადაბეჭდვის წესი