ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ნადარაია ბჟანიას მრჩეველს მოუწოდებს, ინაშვილთან შეხვედრა დაადასტუროს ან უარყოს

20 აგვისტო, 2020 • 2547
ნადარაია ბჟანიას მრჩეველს მოუწოდებს, ინაშვილთან შეხვედრა დაადასტუროს ან უარყოს

გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ნადარაია დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მრჩეველი საიდუმლოდ შეხვდა ირმა ინაშვილს.

„სხვადასხვა ინფორმაციით, 18 აგვისტოს გალის რაიონის ტერიტორიაზე გაიმართა აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლის, ლაშა საკანიას გასაიდუმლოებული შეხვედრა ქართველ პოლიტიკოსთან, ირმა ინაშვილთან“, – წერს თემურ ნადარაია ფეისბუკზე.

„ვთხოვ ლაშა საკანიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაადასტუროს ან უარყოს ეს ინფორმაცია“, – წერს გალის ყოფილი მმართველი.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები, ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი, სავარაუდოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე 18 აგვისტოს იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომელი არხთან საუბარში ამბობს, რომ ორივე პოლიტიკოსი, უკან დაბრუნების შემდეგ, გამშვები პუნქტიდან საკარანტინო ზონაში, განმუხურში თავად გადაიყვანა.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს, თუმცა ამ ეტაპზე კომენტარს არცერთი აკეთებს. აღნიშნულ ვიზიტზე კომენტარს არც სუს-ში აკეთებენ.

უცნობია „პატრიოტთა ალიანსის“ აფხაზეთში შესაძლო ვიზიტის მიზეზი. პარტიის წევრებს აფხაზებისთვის, სახელმწიფო დუმის შემოთავაზებული საშუალებებით, პირდაპირი დიალოგის ღიად შეთავაზების მცდელობა 2018 წელს ჰქონდათ.

ბოლო პერიოდში აფხაზეთის ახალი ლიდერი და მისი გუნდი ხშირად საუბრობს თბილისთან დიალოგის საჭიროებაზე, რასაც იქაური ოპოზიცია აკრიტიკებს.

თემურ ნადარაია პოსტიდან 2019 წლის დეკემბერში გადადგა. ის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი