ახალი ამბები

ზუგდიდში ვერა ქობალიას მაჟორიტარად დაყენებას ამ ეტაპზე არ განვიხილავთ — დეკანოიძე

20 აგვისტო, 2020 • 1913
ზუგდიდში ვერა ქობალიას მაჟორიტარად დაყენებას ამ ეტაპზე არ განვიხილავთ — დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზუგდიდში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ვერა ქობალია განიხილება. ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ქობალია ზუგდიდში ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს, თავდაპირველად “ფორმულამ” გაავრცელა.

როგორც დეკანოიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, ამ ეტაპზე ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად პარტიაში რამდენიმე ადამიანი განიხილება, თუმცა მათ შორის ვერა ქობალია არ არის.

“რამდენიმე კანდიდატი განიხილება, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ გვაქვს. ამ ეტაპზე ნამდვილად არ განვიხილავთ. ვერა ქობალია ჩემი მეგობარია და ნამდვილად ვისურვებდი, რომ იყოს ჩართული, როგორც ძალიან გონიერი და წარმატებული ადამიანი მთელ მსოფლიში. მაგრამ ამ წუთის მონაცემებით, არ შემიძლია, რომ დაგიდასტუროთ”, — განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძე ასევე არ ადასტურებს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის ზუგდიდში შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებასაც.

“რამდენიმე კანდიდატია, ამ ეტაპზე არც ვერა ქობალიაზე და არც სანდრა რულოვსზე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არ არის განხილვა. რამდენიმე სხვა კანდიდატზეა საუბარი და დაახლოებით რამდენიმე დღეში ჩამოვყალიბდებით”, — აცხადებს ის.

როგორც ცნობილია, ზუგდიდში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი იქნება, ხოლო “ევროპული საქარათველოდან”- გიგი უგულავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი