ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Covid-19-ის შემთხვევების ზრდის ფონზე აფხაზეთის დახმარება უნდა გაძლიერდეს – NGO-ები

18 აგვისტო, 2020 • 1309
Covid-19-ის შემთხვევების ზრდის ფონზე აფხაზეთის დახმარება უნდა გაძლიერდეს – NGO-ები

6 საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გააძლიეროს აფხაზეთის ჰუმანიტარული და სამედიცინო მხარდაჭერა იქ Covid-19-ის მკვეთრი აფეთქების ფონზე.

როგორც 18 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში წერენ ორგანიზაციები, აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ წინა დღეს, კორონავირუსის მზარდი შემთხვევების ფონზე, საჯარო განცხადება გააკეთა და ადგილობრივ მოსახლეობას დახმარებისკენ მოუწოდა.

ორგანიზაციები ციტირებენ დე ფაქტო მინისტრს, რომლის თანახმადაც სამედიცინო პერსონალი ჯანდაცვის სისტემას აღარ ჰყოფნის, ექიმების დიდი ნაწილი გადაღლილი, ზოგიერთი მათგანი კი დაინფიცირებულია, რის გამოც მინისტრმა თანამოქალაქეებს მოხალისეობას ჩართვისკენ და დახმარებისკენ მოუწოდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს ტურიზმი წარმოადგენს, პანდემიის პირობებში კი ისედაც ეკონომიკური კრიზისის პირას მცხოვრები რეგიონისთვის მძიმე სოციალური მდგომარეობა შეიქმნა.

ორგანიზაციების დაკვირვებითვე, სწორედ სოციალური პროტესტის ფონზე, პირველ აგვისტოს სოხუმს სრულიად მოულოდნელად და მოუმზადებლად მოუწია რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნა.

„მას შემდეგ, რაც პირველ აგვისტოს რეგიონი ტურისტებისთვის გაიხსნა, აფხაზეთში ინფექციის მკვეთრი აფეთქდება დაფიქსირდა. მხოლოდ 16 აგვისტოს აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 26 შემთხვევა გამოვლინდა, რაც სამჯერ მეტია დღე-ღამის წინა ასევე ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე. 17 აგვისტოსთვის აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირდა 189 ადამიანი. მათგან სამი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა – 69“, – წერს ორგანიზაცია.

როგორც ორგანიზაციები აღნიშნავენ, „საექიმო წრეებში საზღვრების გახსნის გადაწყვეტილების მიმართ კრიტიკა ისედაც არსებობდა, თუმცა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა ჯანდაცვის სამინისტროს თვითკრიტიკა არასაკმარისი სამედიცინო რესურსების და მზადყოფნის შესახებ არ გაიზიარა“.

„აფხაზეთში შექმნილი კრიზისის პასუხად მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ და ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენოს სოლიდარობის მკვეთრი ნაბიჯები აფხაზეთის რეგიონის მხარდასაჭერად. ამ ნაბიჯებს ადამიანის სიცოცხლის უზენაესობისა და ჰუმანიზმის ჩვენების თავისთავადი მიზნის მიღმა, შერიგების და კონფლიქტის ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი პოლიტიკური პოტენციალი გააჩნია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანები და მოქალაქეები მუდმივად ხედავდნენ მათი წუხილების და საჭიროებების გაზიარებისა და მხარდაჭერის მზადყოფნას“, – წერენ ორგანიზაციები.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების საპასუხოდ საქართველოს მთავრობას უკვე აქვს გადადგმული ნაბიჯები ოკუპირებული რეგიონების მხარდასაჭერად, მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი მეტ საჯაროობას და გაძლიერებას ითხოვს. მათ შორის, აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრის განცხადების პასუხად, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ აფხაზეთის მოსახლეობას სამედიცინო რესურსებით დამატებითი დახმარება გაუწიოს. დახმარების ფორმებზე შეთანხმება დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეთანხმებას საჭიროებს და ის საავადმყოფოებში პაციენტების ორგანიზებული გადმოყვანისა ან/და აფხაზეთში სამედიცინო პერსონალისა და შესაბამისი რესურსების გაგზავნაში შეიძლება გამოიხატოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც არასამთავრობოები წერენ, ბოლო პერიოდში აფხაზეთის ახლად არჩეული დე ფაქტო პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე (მათ შორის, გალში მცხოვრები ქართველების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, საქართველოს მთავრობასთან პირდაპირი დიალოგის შესახებ), მიაჩნიათ, რომ:

„არსებული კონტექსტი უფრო ღია პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებას და შერიგების პროცესს უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ ეს კონტექსტი სათანადოდ გავაცნობიეროთ“.

„სამწუხაროა, რომ მშვიდობაზე და შერიგებაზე მიმართული რიტორიკისა და ცალკეული მცდელობების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის ეს პოლიტიკა ნაკლებად საჯარო, ხილვადი და მძლავრია. ეს მაშინ, როცა სწორედ შერიგების და ნდობის აღდგენის რიტორიკასა და საჯარო, ღია გზავნილებს აქვს თავისთავად ტრანსფორმაციული მნიშვნელობა და ღირებულება“.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • კავკასიური სახლი
  • მშვიდობისა და სამოქალაქო განითარების ცენტრი (CPCD)
  • ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი (ISNC)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

მასალების გადაბეჭდვის წესი