საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც იუსტიციის მინისტრს მახინჯს უწოდებს და ამბობს, რომ თეა წულუკიანი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში “საქართველოს გამტყუნებაზე ოცნებობს”.
ყოფილი პრეზიდენტი ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ მიხეილ საააკაშვილს ჰააგაში დავის წაგების ეშინია.
“ვიცნობ მტკიცებულებებს, რაც მოვაგროვეთ და ამ მტკიცებულებებიდან ვამბობ, რომ ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. ქართველ ჯარისკაცს შეუძლია იყოს მშვიდად; სახელმწიფოს და ხალხს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მომავალს, შეუძლიათ, იყვნენ მშვიდად, რადგან ჩვენ ამ დავებს აუცილებლად მოვიგებთ. სააკაშვილს აქვს შიში, რომ ჰააგაში დავას წააგებს. სააკაშვილი და მისი სიის პირველი ნომერი, ბაქრაძე ამბობს, თურმე ქართველი ხალხის ინტერესის ხარჯზე კომპრომისების გზით უვლიათ. გოკა გაბაშვილმა, გიორგი კანდელაკმა და სხვებმა ომის შემდგომ რეზოლუციას უყარეს კენჭი, სადაც ითქვა, თურმე საქართველოს ბრალია ყველაფერი და არა სხვისი, ეს რეალურად მოღალატეობრივი საქმიანობაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა 16 აგვისტოს.
მიხეილ სააკაშვილის პოსტს “ფეისბუქ” პოსტითვე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი.
„სააკაშვილი მერამდენედ ამტკიცებს, რომ სრულიად დეგრადირებული პიროვნებაა: გენდერული თავდასხმის მიღმა რამხელა სიძულვილი და ბოღმა ამოძრავებს ამ ადამიანს, ჩანს ყველგან და ყველაფერში. სიტყვა “მახინჯის” მნიშვნელობა რომ იცოდეს მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ ერს და ქვეყანას ბოდიშს მოუხდიდა იმ მართლაც მახინჯი და კრიმინალური მმართველობისთვის, რითაც 9 წლის განმავლობაში თავი დაამახსოვრა სრულიად საქართველოს.
მართლმსაჯულების აღსრულებას ვერ აცდება ვერავინ და მიხეილ სააკაშვილიც აუცილებლად აგებს პასუხს ქართველი ხალხის წინაშე“, – წერს დავით მათიკაშვილი.
ასევე, გენდერულ ჭრილში განიხილავს სააკაშვილის კომენტარს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების შეფასებებს ელოდება.
“ქალის მისამართით ასეთი კომენტარის კადრება ნიშნავს: 1. არ გაქვს არგუმენტი და ეს გაცოფებს 2. არც ადამიანობა გაქვს. ველოდები ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების კომენტარებს”, – წერს სოფო კილაძე სოციალურ ქსელში.
მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სექსიზმად შეაფასა და “სამარცხვინო დაბულინგება” უწოდა ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია “საფარის” დირექტორმა ბაია პატარაიამ.