თბილისში, პარლამენტის უკან მდებარე უორდროპების სკვერის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, 2020 წლის 10 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ მთაწმინდის რაიონის გამგეობიდან მიაწოდეს.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის შემოსაზღვრა წინაასარჩევნო პერიოდში სამოქალაქო აქტივისტებს უჩენს ეჭვებს და მიაჩნაით, რომ ამ ნაბიჯის მიზანი დემონსტრაციებისთვის ხელშეშლა და დისკომფორტის შექმნაა.
მთაწმინდის რაიონის გამგეობაში ამბობენ, რომ სკვერის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ თებერვალში დაანონსდა, პანდემიის გამო დროებით გადაიდო და ახლა დაიწყო. მათივე განმარტებით, სკვერის ტერიტორიაც ახლა სწორედ ამ მიზეზით შემოიღობა.
„მთაწმინდის რაიონის გამგეობა ამ ეტაპზე 4 სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს. ერთ-ერთი არის უორდროპების სკვერი. ტერიტორიაზე განახლდება შადრევანი, საფეხმავლო ბილიკები და მთელს ტერიტორიაზე დაირგვება მწვანე ნარგავები“, – გვითხრეს გამგეობაში.
„ახლა იმიტომ შემოვღობეთ, რომ ახლა დაიწყო რეაბილიტაცია და დაახლოებით 10 ოქტომბერს დასრულდება. ტენდერით სამუშაოები ნოემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა შემსრულებელმა კომპანიამ თქვა, რომ ორი სკვერი — უორდროპებისა და სულხან-საბას- 10 ოქტომბერს იქნება დასრულებული“, — განუცხადეს „ნეტგაზეთს“ მთაწმინდის რაიონის გამგეობაში.
სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გრინსერვისი“ ატარებს. როგორც მათ „ნეტგაზეთს“ უთხრეს, სკვერი დიდი არაა და ამიტომ ოქტომბრისთვის მისი რეაბილიტაციის დასრულება პრობლემა არ იქნება.
„ვაპირებთ, რომ 10 ოქტომბრისთვის დავასრულოთ, გაწელვა ჩვენს ინტერესებში არ შედის. არ არის დიდი სკვერი, პატარაა და არ იქნება არანაირი პრობლემა“, — უთხრეს „ნეტგაზეთს“ „გრინსერვისში“.
რაც შეეხება პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს, — „ნეტგაზეთს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ სამუშაოები ამ თვეში — აგვისტოში — დასრულდება.
პარლამენტის წინა ტერიტორია მწვანე ჯებირებით 22 იანვარს, მას შემდეგ შემოღობეს, რაც ამ ტერიტორიაზე 30 დეკემბერს დამონტაჟებული ატრაქციონები და ე.წ. საშობაო ბაზარი აიღეს.
2019 წლის 30 დეკემბერს ატრაქციონების დამონტაჟებას წინ უძღოდა პროტესტის მიზნით თვეების განმავლობაში გაშლილი მალხაზ მაჩალიკაშვილისა და სხვების კარვების აღება, რასაც მათი, აქტივისტების და ოპოზიცინერი პოლიტიკოსების პროტესტი მოჰყვა.