ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა გასული წლის ივლისთან შედარებით 22.1%-ით გაიზარდა (34.2 მლნ აშშ დოლარით) და 188.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სებ-ის ცნობითვე, მოცემულ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან, ჯამში, 73 მლნ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის 25%-ით არის გაზრდილი. ამასთან, ევროკავშირის წილი ივლისის გზავნილებში თითქმის 40%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი თანხა 2020 წლის ივლისში იტალიიდან გადმოირიცხა 28.04 მლნ აშშ დოლარი. შემდეგ მოდის საბერძნეთი 20.22 მლნ აშშ დოლარით და გერმანია 6.94 მლნ აშშ დოლარით.
ივლისში ყველაზე მეტი თანხა, დაახლოებით 40 მლნ აშშ დოლარი, რუსეთიდან გამოირიციხა. ბოლო თვეების კლების მიუხედავად, ივლისში 2019 წელთან შედარებით რუსეთიდან ფულადი გზავნილები დაახლოებით 3%-ით არის გაზრდილი.
2020 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.2 მლნ აშშ დოლარი (68.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ივლისის (19.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15.6%-ით მეტია.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფულადი გზავნილების ზრდის მიზეზად პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას ასახელებს. ამასთან ამბობს, რომ Covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, დაგროვილი გზავნილების გამოგზავნა მომდევნო თვეებში მოხდა, რამაც ივნის-ივლისში გზავნილების ზრდის მაჩვენებლებზე იმოქმედა.
“ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. ივნისში 17.8%-ით ზრდის შემდეგ, ივლისში წლიური ზრდა 22.1% იყო. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პანდემიამდე ფულადი გზავნილების გარკვეული ნაწილი (საბანკო გზავნილების დაახლოებით 8%) საქართველოში არასაბანკო არხებით, ვიზიტორების მეშვეობით, შემოდიოდა. საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვის გამო გზავნილების ამ ნაწილმა საბანკო არხებში გადაინაცვლა და, შედეგად, ფულადი გზავნილების აღნიშნულ ზრდაშიც შეიტანა წვლილი. გარდა ამისა, პანდემიის საწყის ეტაპზე არსებული შეზღუდვები, სავარაუდოდ, გზავნილებზეც მოქმედებდა. ამ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დაგროვილი გზავნილების გამოგზავნა მომდევნო თვეებში მოხდა, რამაც ასევე იმოქმედა ივნის-ივლისში გზავნილების ზრდის მაჩვენებლებზე.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ამ ფაქტორების გათვალისწინებითაც, ფულადი გზავნილების გაუმჯობესება სახეზეა, თუმცა, არა ისეთი სწრაფი ტემპით, როგორც შეიძლება სტატისტიკიდან ჩანდეს”,-წერს გვენეტაძე Facebook-ზე.