ახალი ამბები

აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 13 პირის ნეშტი ამოცნობილია

13 აგვისტო, 2020 •
აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 13 პირის ნეშტი ამოცნობილია

აფხაზეთში ომში  უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 13 პირის ნეშტი ამოცნობილია – ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს.

წითელი ჯვრის თანახმად,   ახლობლები უკვე ინფორმირებული არიან იდენტიფიცირებული პირების ნეშტების შესახებ.

“ამ 13 ადამიანის ნეშტი მოძიებულ იქნა 2017 და 2018 წლებში სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირესა და მცხეთის რაიონში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს. მსოფლიო გამოცდილების ფარგლებში არსებული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, იდენტიფიცირება წჯსკ-ს მიერ მრავალდარგობრივი მეცნიერული პროცესის მეშვეობით განხორციელდა.

ეს შესაძლებელი გახდა 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებზე  მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომელიც წჯსკ-ს ეგიდით 2010 წლიდან ფუნქციონირებს და მასში აფხაზი და ქართველი მონაწილეები არიან ჩართული. ეს პლატფორმა მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სახელით მოქმედებს”, – აცხადებს წითელი ჯვარი.

ოჯახებისთვის ნეშტების გადაცემა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობაში 14 აგვისტოს შედგება, სადაც ოჯახებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს და მიიღონ ინფორმაცია ძიების პროცესის შესახებ.

წითელი ჯვრის ცნობით,  გამოსამშვიდობებელი ცერემონია 15 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში შედგება.

1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტებთან დაკავშირებით 2 352 ადამიანი, როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო პირი, ითვლება დაკარგულად.

წითელი ჯვრის კომიტეტის ცნობით, 2013 წლის შემდგომ სულ ნაპოვნია 563 ადამიანის ნეშტი, აქედან 191 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს. გრძელდება მუშაობა კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებული ადამიანების ხვედრისა და ადგილსამყოფელის დასადგენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი