ახალი ამბებისაზოგადოება

10 მეტროსადგურს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება — კალაძე

12 აგვისტო, 2020 • 1080
10 მეტროსადგურს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება — კალაძე

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისში 10 მეტროსადგურს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, 12 აგვისტოს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით,  ფიქრობენ, რომ წლის ბოლომდე სარეაბილატიციო სამუშაოებისთვის საჭირო პროექტები მზად იქნება.

“ჩვენ ამ ხნის განმავლობაში აქტიური მოლაპარაკებები გქონდა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან, სადაც მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ 10 მეტროსადგური: გურამიშვილი, სადგურის მოედანი, სარაჯიშვილი, მარჯანიშვილი, თავისუფლების მოედანი, 300 არაგველი, რუსთაველი, ისანი, წერეთელი და ნაძალადევი  — ამ სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოგვიყოფს თანხებს, რომ ეს სამუშაოები ვაწარმოოთ და ჩავატაროთ რეაბილიტაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე უკვე პროექტები გვექნება და შევძელებთ სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს ეს პრობლემა მოგვარებული” , — განაცხადა კალაძემ.

ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მეტროსადგურ გოცირიძეზე სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია, ხოლო ვარკეთილისა და ავლაბარის სადგურების რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტებს ნოემბრისთვის ელოდებიან.

“გოცირიძის სადგურზე უკვე დაიწყო პროექტის განხორციელება, რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია, ამ პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება და გადაიხურება მოსაცდელი ბაქანი, ასევე გარემონტდება მეტროს გარე ფასადი და ვესტიბიული. რაც შეეხება ვარკეთილსა და ავლაბარს, სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე ხელშეკრულებები გაფორმებულია. კონტრაქტორებმა სადგურების განახლებული იერსახის წინასწარი ესკიზები უკვე წარმოადგინეს და ნოემბრისთვის სრული პროექტი უკვე ჩაგვაბარეს”, — განაცხადა კალაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი