ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანია ლუკაშენკოს “დამაჯერებელ გამარჯვებას” ულოცავს

12 აგვისტო, 2020 • 1527
ბჟანია ლუკაშენკოს “დამაჯერებელ გამარჯვებას” ულოცავს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

“ძვირფასო ალექსანდრ გრიგორიევიჩ! ბელარუსის რესპუბლიკის 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას გილოცავთ. კენჭისყრის შედეგები  ხალხის ნდობისა და მხარდაჭერის მაღალ დონეს წარმოაჩენს.

ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, აფხაზეთსა და ბელარუსს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გარკვეული გამოცდილება აქვთ. ვიმედოვნებ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მომავალში მჭიდრო გახდება და სახელმწიფოთაშორის ხასიათს შეიძენს”, – ნათქვამია მისალოც ტელეგრამაში, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პირველი ადგილი მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ დაიკავა 80%-ით. ცესკოს თანახმად, მისმა მთავარმა კონკურენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმათა 10% მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა. არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები არ აკვირდებოდნენ. ტიხანოვსკაიამ კენჭისყრის შედეგები არ ცნო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა.

ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ მინსკისა და სხვა ქალაქების ქუჩებში დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკებები დაიწყო.

ლუკაშენკოს უკვე მიულოცეს გამარჯვება სომეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, ჩინეთის ლიდერებმა. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობას ჯერჯერობით არ მიულოცავს ლუკაშენკოსათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი