ნეტგაზეთი | ექსპროპრიაცია: გზების მშენებლობის გამო მოქალაქეებსა და კომპანიებს მიწებს ჩამოართმევენ ექსპროპრიაცია: გზების მშენებლობის გამო მოქალაქეებსა და კომპანიებს მიწებს ჩამოართმევენ – Netgazeti
Batumelebi | RU

ექსპროპრიაცია: გზების მშენებლობის გამო მოქალაქეებსა და კომპანიებს მიწებს ჩამოართმევენ

“ისინი არიან არაკეთილსინდისიერი ხალხი და ამას დავამტკიცებ”, – ამბობს ჯონი თაბაგარი, მიწების მფლობელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ილემსა და ძირულაში. აღნიშნულ ქონებას თაბაგარს სახელმწიფო ექსპროპრიაციის წესით ართმევს მას შემდეგ, რაც ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვის შესახებ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთების მშენებლობის გამო, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით უძრავი ქონება რიგ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ჩამოერთვათ. შესაბამისი ბრძანებებიდან ორი თარიღდება 31 ივლისით, 3 კი – 3 აგვისტოთი. გადაწყვეტილებათა უმრავლესობა მაგისტრალს უკავშირდება, ერთი ბრძანება კი – სამუშაოებს ელექტროსისტემაში.  გადაწყვეტილებას უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე სახელმწიფო ხსნის მფლობელებთან შეუთანხმებლობით.

ჯონი თაბაგარისა და მისი ოჯახის შემთხვევაში, საუბარია მიწის 3 ნაკვეთსა და ერთი ნაკვეთის ნაწილზე:

  1. 2849 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებზე სოფელ ილემში;
  2. 377კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები სოფელ ილემში;
  3. 4623კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნარგავები სოფელ ძირულაში;
  4. 30 001კვ.მ მიწის ნაკვეთიდან – 4929 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ნარგავები.

ჯონი თაბაგარი “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ დეპარტამენტი სრულყოფილად არ ასრულებს მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმას, რომელიც თავადვე შეიმუშავა და რეალურ ღირებულებაზე ნაკლებად აფასებს მის ქონებას. მისი თქმით, მოლაპარაკება სამი წელი მიმდინარეობდა. კვადრატული მეტრის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ფასი ნაკვეთების მიხედვით განსხვავდება, იწყება 8 ლარით და ადის 30-მდე.

ერთ-ერთი ნაკვეთი სხვადასხვ ადანიშულების ობიექტებით, რომელსაც ჯონი თაბარაგს ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ

ერთ-ერთი ნაკვეთი სხვადასხვა დანიშულების ობიექტებით, რომელსაც ჯონი თაბარაგს ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ

“ექსპროპრიაციის კომისიასაც ვესაუბრე, ავუხსენი დეტალები და ვუთხარი, მე რომ დამიბარეთ და ჩამომიყვანეთ, საგზაო დეპარტამენტის ხალხი რომ ზის აქ, ამას რატომ არ უსვამთ კითხვებს- მეთქი? რატომ არ გაუჩნდათ კითხვა, რატომ არ ვაძლევ მიწის ნაკვეთს? სულელი ვარ, შეურაცხადი ვარ, არანორმალური თუ მართალს ვამბობ, რასაც ვამბობ? რატომ არ შეიძლებოდა, რომ ეს [უთანხმოება] მანამდე აღმოეფხვრათ და რატომ მიიყვანეს საქმე ექსპროპრიაციამდე? ეს კითხვები იქ არავის დაუსვამს”, – აცხადებს ის.

თაბაგარი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს 377 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე, რომელიც სოფელ ილემში, გზის პირას მდებარეობს. ბარამიძე და მისი ოჯახი აქ რამდენიმე შენობას ფლობენ: ერთ-ერთის პირველი სართული საცხოვრებელ ფართს უკავია, მეორე კი – კვების ობიექტს. აქვეა გადახურული ობიექტი საკვებად, საზოგადოებრივი საპირფარეშო და სხვა.

მიწის მფლობელის თქმით, თავის დროზე დიდი სამუშაო აქვს გაწეული ტერიტორიის მშენებლობისათვის მოსამზადებლად, რის გათვალისწინებასაც სახელმწიფო უწყებებს სთხოვდა, თუმცა, უშედეგოდ:

“იმ ადგილას, სადაც ახლა შენობა მიდგას [სახლი და კვების ობიექტი], როცა ნაკვეთი ვიყიდე, იქ გავაკეთე მიწაყრილი. დაახლოებით 450 რეისი მიწა შევიტანე და ავაშენე ზედ. ეს ვუთხარი საგზაო დეპარტამენტს, დაგიმტკიცებთ, რომ აქ მიწაყრილი არის- მეთქი. მიწაყრილში არ მოგცემთ ფულსო. ვუთხარი, მიწაყრილი რომ არ ყოფილიყო, აქ ეს შენობა ვერ დაიდგმებოდა- მეთქი”.

ერთ-ერთი ნაკვეთი სხვადასხვ ადანიშულების ობიექტებით, რომელსაც ჯონი თაბარაგს ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ

ერთ-ერთი ნაკვეთი სხვადასხვ ადანიშულების ობიექტებით, რომელსაც ჯონი თაბარაგს ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ

ჯონი თაბაგარს ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია. როცა ეს მოხდება, მისი თქმით, სამართლებრივი გზით აპირებს ბრძოლას და დამტკიცებას, რომ მისი ქონება შეფასებულზე ძვირი ღირს.

“ვეუბნები, რომ ჩამოიყვანეთ კომისია და გეტყვით, რა დგას აღუწერავი, რა შეცდომებია, გამისწორეთ ეს ყველაფერი, შეასრულეთ თქვენივე დაწერილი სამოქმედო გეგმა და წაიღეთ ეს მიწის ნაკვეთი- მეთქი”, – აცხადებს თაბაგარი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ზემოხსენებული ბრძანებებით, ქონებას ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც.

ექსპროპრიაციით ჩამორთმეული ქონება, მიზეზების მიხედვით, ამგვარად ნაწილდება:

  • E-60 ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობა

ამ შემთხვევაში, უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა შპს “გზამშენი-5”-ის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 4 500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. მიწა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხევში მდებარეობს.

აღნიშნული ნაკვეთიც ექსპროპრიაციას დაექვემდებარა.

  • E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა

სახელმწიფოს თანახმად,  ზემოთ აღნიშნული პროექტი ფინანასდება  საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში.

ბრძანების მიხედვით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეთანხმება ვერ შეძლო მოქალაქე ზურაბ ნებიერიძესთან, რომელიც მიწის ორ ნაკვეთს ფლობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარაში: პირველი მათგანის ფართობი 1480 კვ.მ-ია და ექსპროპრიაციას დაექვემდებარა მიწის ნაწილი – 501 კვ.მ. მეორე ნაკვეთი, ფართობით 1 100 კვ.მ, მთლიანად დაექვემდებარა ექსპროპრიაციას.

  • E-70 ჩქაროსნული საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი  საავტომობილო გზის მშენებლობა

ამ შემთხვევაში დეპარტამენტმა შეთანხმებას ვერ მიაღწია შპს “გრინის” საკუთრებაში არსებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. ნაკვეთის ფართობი 94 კვ.მ-ია და ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში მდებარეობს. მიწა ექსპროპრიაციას დაექვემდებარა.

  • სამუშაოები ელექტროსისტემაში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს „გარდაბნის თბოსადგური-2-ის“ თავის ქსელთან მიერთების მიზნით ელექტროგადამცემი ხაზ „ალავერდის“  გაორჯაჭვიანების  პროექტს.

ბრძანების მიხედვით, პროექტის ფარგლებში ექცევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბირლიკში მდებარე, მოქალაქე მირზა ბაირამობის საკუთრებაში არსებული 5000 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი – 142 კვ.მ.

უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე  შეთანხმება მესაკუთრესთან ვერ იქნა მიღწეული. გაიცა ექსპროპრიაციის ბრძანება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – აღნიშნულია ბრძანებებში.

ბრძანებები შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში [მის: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6].

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან