ახალი ამბებისაზოგადოება

ბოლო ოთხ კვირაში, აშშ-ში კორონავირუსით დაავადებულ ბავშვთა რიცხვი 90%-ით გაიზარდა

11 აგვისტო, 2020 • 1260
ბოლო ოთხ კვირაში, აშშ-ში კორონავირუსით დაავადებულ ბავშვთა რიცხვი 90%-ით გაიზარდა

ბოლო ოთხ კვირაში, აშშ-ში კორონავირუსით დაავადებულ ბავშვთა რიცხვი 90%-ით გაიზარდა. ამის შესახებ თაიმსი იუწყება.

9 ივლისის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსი დაახლოებით 200 ათას ბავშვს ჰქონდა დადასტურებული, 6 აგვისტოსთვის კი ეს რიცხვი თითქმის 180 ათასით გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მანამდე აშშ-ში ყოველი 100 ათასი ბავშვიდან კორონავირუსით 319 ბავშვი იყო ინფიცირებული, ახლა ყოველ 100 ათას ბავშვში ვირუსის მატარებელი 501 ბავშვია.

როგორც აშშ-ის პედიატრთა აკადემიის ინფექციური დაავადებების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, შონ ოლიერი აცხადებს, ბოლო კვირებში ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების ზრდა მრავალმა ფაქტორმა გამოიწვია, მათ შორის ტესტირებების და ბავშვების გადაადგილების გაზრდამ.

“ზოგადად, როდესაც მოსახლეობაში ინფექციის მატებას ხედავთ, ბავშვებში კიდევ უფრო მეტ ინფექციას დაინახავთ”, — აცხადებს ოლიერი.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 5 მილიონს აჭარბებს, აქედან დაინფიცირების შემთხვევების 9%-ზე მეტი სწორედ ბავშვებში გვხვდება. მაისიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსით 86 ბავშვია გარდაცვლილი.

ამასთან, აშშ-ის სკოლების ნაწილში სასწავლო წელი დაიწყო. ამ ფონზე ამერიკის პედიატრიის აკადემია კვლავ ხაზს უსვამს ეფექტური სტრატეგიული ტესტირების მნიშვნელობას, რათა სკოლების გახსნა ინფორმირებული არჩევანის შედეგად მოხდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი