ბაქო აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციების მიმართულებით სომხურმა მხარემ დღე-ღამის განმავლობაში 35-ჯერ ისროლა.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებითვე, სროლის ქვეშ სამი სასაზღვრო სოფელი მოჰყვა.
ერევანს აღნიშნულ ბრალდებაზე საპასუხო განცხადება ან კომენტარი არ გაუვრცელებია.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმედღიანი შეტაკებები 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის/თოუზის პროვინციაში დაიწყო. შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს ჰყავს მსხვერპლი, გარდაცვლილებს შორის არიან აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნებიც.
ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს შეტაკებების დაწყებაში. აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ივლისის შეტაკებები საზღვარზე ბაქოს ინტერესებში ნაკლებად შედიოდა, ვინაიდან ბაქოსთვის მომგებიანი არ არის კონფლიქტის ზონის გადატანა ყარაბაღიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.
სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.
1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.