ნეტგაზეთი | “ზეგის” თანამშრომლების სახლში ჩატარებული ჩხრეკა გავასაჩივრეთ – ადვოკატი “ზეგის” თანამშრომლების სახლში ჩატარებული ჩხრეკა გავასაჩივრეთ – ადვოკატი – Netgazeti

“ზეგის” თანამშრომლების სახლში ჩატარებული ჩხრეკა გავასაჩივრეთ – ადვოკატი

კომპანია “ზეგის” ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, მოსამართლის განჩინება, რომლის საფუძველზეც გუშინ, 7 აგვოსტოს, კომპანიის ხუთი თანამშრომლის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, სასამართლოში გაასაჩივრა. როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა მოსამართლის მიერ პირველ აგვისტოს გაცემულ განჩინებაში დასაბუთებული არ ყოფილა რატომ იყო საჭირო ამ ადამიანების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა:

“საერთოდ არ ყოფილა სასამართლოს განჩინებაში დასაბუთება. ვერ გავიგეთ რატომ რატომ მოვიდნენ.. თუ სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი, რა თქმა უნდა, ჩხრეკა უკანონოდ ჩაითვლება და მოუწევთ წაღებული ნივთების დაბრუნება.”

ადვოკატის ცნობითვე, გუშინდელი ჩხრეკის შედეგად პოლიციამ რამდენიმე კომპიუტერი ამოიღო. მათ შორის- კომპანიის დირექტორის, თამარ კობერიძის კომპიუტერიც. ჭაბაშვილისთვის უცნობია რა პრინციპით შეარჩია პოლიციამ ეს ხუთი თანამშრომელი.

გუშინ ჩატარებულ ჩხრეკაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ის თქვეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში, ხუთდღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს,  დასაქმებული იყო საქართველოში დარეგისტრირებული შპს „ზეგში”, რომელიც 2015 წელსაა შექმნილი. მისი დირექტორი თამარ კობერიძეა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის მფლობელი არის აშშ-ის მოქალაქე აბრაჰამ რეიხბახი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.