ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“საოკუპაციო რეჟიმმა ომის შემდეგაც არაერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა” – მინისტრი

7 აგვისტო, 2020 • 689
“საოკუპაციო რეჟიმმა ომის შემდეგაც არაერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა” – მინისტრი

გუშინ, 6 აგვისტოს დანიშნულმა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანმა გორში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული სამხედროების ხსოვნის მემორიალთან განაცხადება გააკეთა, რომელიც სამინისტროს პრეს-სამსახურმა გაავრცელა:

“2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ყველაზე ტრაგიკულ თარიღად ჩაიწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში, რამაც შეიწირა ჩვენი ასობით მოქალაქის სიცოცხლე. ჩვენ დავკარგეთ როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე, მებრძოლი ჯარისკაცები, რომელთა სიმამაცე და პატრიოტული სულისკვეთება, დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთხელ შეიტანდა მნიშვნელოვან წვლილს ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში”.

მინისტრი აცხადებს, რომ ომის შემდეგაც “არაჰუმანურმა საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა”.

“განსაკუთრებით გამოვყოფდი არჩილ ტატუნაშვილს, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულს, ირაკლი კვარაცხელიას, რომელთა ხსოვნას ძალიან დიდ პატივს მივაგებ დღეს”.

თეა ახვლედიანმა ასევე ახსენა გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დარღვევებიც.

“მიმდინარეობს კვლავაც ომით დაშორიშორებული საზოგადოების იზოლაცია და გახლეჩა.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გამოვთქვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ დღემდე გაწეული თანადგომისა და გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის და რწმენას გამოვთქვამ, რომ მათთან მომავალი ინტენსიური კომუნიკაციის შედეგად, შევძლებთ შერიგების პოლიტიკის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევას”,- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი