ახალი ამბებისაზოგადოება

რუსეთის მართული ძალები ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების თითოეული მეტრით გაფართოებას — აშშ-ის საელჩო

7 აგვისტო, 2020 • 1983
რუსეთის მართული ძალები ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების თითოეული მეტრით გაფართოებას — აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალები ქართული ტერიტორიების თანდათანობით მიტაცებას აგრძელებენ და ოკუპირებული ტერიტორიების თითოეული მეტრით გაფართოებას ცდილობენ.

“თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეიჭრა. 7 აგვისტო მწუხარებით გვახსენებს რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარებულ ათასობით ადამიანს, რომლებიც კვლავაც განსაცდელში რჩებიან. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი სახლების დატოვება და დევნილობა აიძულეს. ჩვენ ვიხსენებთ უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც დაიღუპნენ იმის გამო, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ჩაკეტა და არ მისცა მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენ გვახსოვს უკანონო „ბორდერიზაციის“ შედეგად გახლეჩილი ოჯახები და დაკარგული საარსებო წყარო”, — ნათქვამიას საელჩოს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კოვიდ 19-ით გამოწვეულ ზიანთან გამკლავებას ცდილობს, საქართველო, ამავდროულად, იმ მოქალაქეებს შორის სავაჭრო ურთიერთობების დაკარგვით ზარალდება, რომლებიც ახლა ერთმანეთს თვითნებურად დადგენილი გამყოფი ხაზებით არიან მოწყვეტილი.  ეს კი, მათი თქმით,  ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესს კიდევ უფრო აბრკოლებს.

“გასულ წელს ჩვენ ასევე ვიხილეთ რუსეთის მიერ მართული მასშტაბური შემოჭრა და ჩორჩანა-წნელისის მიმდებარედ დამატებით ასობით მეტრი ტერიტორიის გაკონტროლების მცდელობა. რუსეთი კვლავ არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რუსი „მესაზღვრეები“ აკავებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის ფაქტის ჩათვლით. რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალები აგრძელებენ ქართული ტერიტორიების თანდათანობით მიტაცებას და ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების თითოეული მეტრით გაფართოებას”, — აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ის საელჩო მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება  და 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში  ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

“მკაფიოა: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომა. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ასი ათასობით დევნილმა და ლტოლვილმა შეძლოს საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება”, — ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, აშშ-ის ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია. ისინი  რუსული აგრესიის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს კვლავ გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი