ახალი ამბებისამართალი

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

7 აგვისტო, 2020 • 1376
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრალდებულები სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები იყვნენ და უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019 წლის აპრილის თვეში ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ურთიერთშორის განახორციელეს 40 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საქონლის მიწოდების ფიქტიური ოპერაციები. მათივე ინფორმაციით, ბრალდებულებმა დაახლოებით 6 200 000 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი შექმნეს.

“სისხლის სამართლის საქმეზე ეფექტიანად გატარებული ათეულობით საგამოძიებო მოქმედების შედეგად, დროულად იქნა აღკვეთილი აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება, რის გამოც ბრალდებულებმა ხსენებული თანხიდან მოახერხეს მხოლოდ 98 905 ლარის ოდენობის აქტივის გამოყენება”, — ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ  შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.

მომხადრზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი