ნეტგაზეთი | “კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებები კვლავ ირღვევა” – EU-ს განცხადება ომის წლისთავზე “კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებები კვლავ ირღვევა” – EU-ს განცხადება ომის წლისთავზე – Netgazeti
RU | GE  

“კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებები კვლავ ირღვევა” – EU-ს განცხადება ომის წლისთავზე

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მრავალი გლობალური გამოწვევის მიუხედავად, ევროკავშირის მიერ საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მხარდაჭერა ისეთივე მყარია, როგორ ყოველთვის:

“სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაში დაძაბულობა ძლიერი რჩება და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთს კვლავ ჰყავს სამხედრო ძალები, რაც არღვევს საერთაშორისო კანონამდებლობას და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით არის გათვალისწინებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური ადამიანის უფლებები კვლავაც ირღვევა, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გზით ე.წ. “ბორდერიზაციის”, კონტროლირებადი გადაკვეთის პუნქტების დროებითი დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით:

“ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოში სტაბილიზაციის და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის და ადგილზე მნიშვნელოვანი როლის მქონე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით”, – წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კვლავ გამოთქვამს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.