ახალი ამბები

კოალიციის შემთხვევაში, ან ივანიშვილის ლიდერობით შექმნილ მთავრობაში მოგიწევთ ყოფნა, ან სააკაშვილის – ბარამიძე

6 აგვისტო, 2020 • 1803
კოალიციის შემთხვევაში, ან ივანიშვილის ლიდერობით შექმნილ მთავრობაში მოგიწევთ ყოფნა, ან სააკაშვილის – ბარამიძე

“გთხოვთ, მოგიწოდებთ, დროულად ჩამოყალიბდეთ, რა გზას ირჩევთ”, – ასე მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია ბარამიძე ოპოზიციის ნაწილს, რომელიც, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს “კონტრპროდუქტიულად ესხმის თავს”. ბარამიძე “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ კოალიციის პირობებში, მომავალ მთავრობას ან სააკაშვილი ჩამოაყალიბებს, ან ივანიშვილი, და ეს ფაქტია.

“ღრმად პატივცემულო კოლეგა ოპოზიციონერებო, ბოლო დროს გახშირდა ზოგიერთი თქვენთაგანის საკმაოდ უცნაური (მე ვიტყოდი, არაადეკვატური) განცხადებები, მაგალითად: “მე ვიქნები პრემიერი”, “მიშა ვერ გახდება პრემიერი”, “მიშას პრემიერობას არ დავუჭერთ მხარს” და ასე შემდეგ, ღიად შეურაცხმყოფელებს აღარ ვიხსენებ.

მინდა გკითხოთ, თუ მთავარი და რეალისტურად (როგორც მინიმუმ), საგრძნობლად ყველაზე მეტი ხმის ამღებ პარტიასთან და მის ლიდერთან საერთო საპარლამენტო კოალიციას და მთავრობაში ყოფნას არ აპირებთ, აბა, ოლიგარქის წინააღმდეგები ვართ და მისი დამარცხება გვინდაო, იტყუებით?

თუ იმას ამბობთ, რომ სამართლიანი, ლოგიკური და საღი აზრიდან გამომდინარე, პრაგმატული იქნება 2 ან 3 პროცენტის ამღები, ან გინდაც 15- პროცენტიანი (ღმერთმა მეტიც აგაღებინოთ, მეც ეს მინდა) პარტიის ლიდერი უნდა გახდეს პრემიერი?”, – მიმართავს ბარამიძე ოპოზიციონერი კოლეგების ნაწილს, რომელთა სახელებსაც არ აკონკრეტებს.

მისი თქმით, ნორმალური არ არის, როცა აღნიშნული პირები მათზე “ორჯერ, სამჯერ ან ზოგ შემთხვევაში ათჯერ მეტი ხალხის ხმების მქონე პარტიის ლიდერს, წინასწარ, საჯაროდ” ეუბნებიან უარს მისი ლიდერობით კოალიციურ მთავრობაში ყოფნაზე”.

“არავინ გთხოვთ ნაციონალურ მოძრაობაში გაწევრიანებას, ან ჩვენთან ყველა თემაზე დათანხმებას, ცხადია, მომავალი მთავრობა, დიდი ალბათობით, რეალურად კოალიციური შეიძლება იყოს და ასეთ შემთხვევაში, უკვე ხომ ნათელია, რომ ან ივანიშვილის ლიდერობით შექმნილ მთავრობაში მოგიწევთ ყოფნა, ან მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით.

ეგ ისეთივე რეალობაა, როგორც ქორწილის ღამეს პატარძლისა და სიძის სექსი და იქ რომ რომელიმემ პრანჭვა დაიწყოს, ხო სისულელე იქნება?” – წერს ბარამიძე.

ის ოპოზიციის ნაწილს მოუწოდებს, “ჩამოყალიბდეს”, “ქართული ოცნების” არჩევნების გზით ჩამოცილება სურთ თუ “რაღაც სხვა”.

რამდენიმე დღით ადრე, 5 აგვისტოს, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ “ჭრელ ოპოზიციაში სააკაშვილი ვერც ერთ შემთხვევაში გახდება პრემეირი”. მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი პრემიერობის კანდიდატები შესაძლოა, წინასწარ დაასახელონ, თუმცა სამთავრობო კოალიციაში რომელი პარტიის კანდიდატი გავა, მოლაპარაკების საგანი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი