ნეტგაზეთი | 15 სექტემბერს სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩვეულ რეჟიმში განახლდება – მინისტრი 15 სექტემბერს სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩვეულ რეჟიმში განახლდება – მინისტრი – Netgazeti
RU | GE  

15 სექტემბერს სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩვეულ რეჟიმში განახლდება – მინისტრი

დღეს, 5 აგვისტოს, განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეროვნული გამოცდები დასრულდა და დღეიდან აბიტურიენტების ქულების გამოქვეყნება დაიწყო.

ამავე ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა სკოლებში სასწავლო პროცესის განახლების შესახებ. მისი თქმით, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება საკლასო ოთახებსა და  უნივერსიტეტების აუდიტორიებში.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის და საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროისთვის იქნება აქტუალური“, – ამბობს მიხეილ ჩხენკელი.

ამავე ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა სწავლის განახლებაზე და თქვა, რომ სკოლებში სწავლის დაწყებას საფრთხე არ ემუქრება.

„3, 5, 10 შემთხვევა რაც გვაქვს კორონავირუსის დღეში, ეს არ არის პრობლემა სწავლის დაწყებისთვის, მაგრამ საკლასო ოთახში სწავლა ტრადიციულ სტილში ვეღარ გაგრძელდება. თუ აქამდე 20 ადამიანი იჯდა საკლასო ოთახში, ახლა ეს რაოდენობა შემცირდება. ამ რეგულაციებზე ვმუშაობთ და იქნება შესაბამისი სტანდარტი, თუ როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები საკლასო ოთახში, სტუდენტები- აუდიტორიებში, როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები და ასე შემდეგ“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, სკოლაში ყოფნის პერიოდში ბავშვებმა ხშირად უნდა დაიმუშაონ ხელები ანტიბაქტერიული ხსნარებით, დასვენებაზე კი, დერეფანში ყოფნის დროს გამოიყენონ პირბადე. „დარწმუნებული ვარ დამყოლობა როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში კარგი იქნება და შევძლებთ, რომ ამით ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არ გავაუარესოთ“, – ამბობს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძემ პანდემიის პერიოდში მიმდინარე ეროვნული გამოცდებიც შეაფასა და თქვა, რომ „სახელმწიფო უწყებებმა ამ მხრივ გამოცდა კარგად ჩააბარეს“.

„ერთი შემთხვევა იყო მხოლოდ კორონავირუსის გამოვლენის გამოცდების პერიოდში და ჩვენ დროულად მოვახერხეთ კონტაქტების დადგენა. ამასთან, აბიტურიენტს მიეცა გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა საავადმყოფოს საკარანტინო სივრცეში“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com