ახალი ამბები

დედის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის კომპიუტერში ხელჩასაჭიდი არაფერი აღმოჩნდა

4 აგვისტო, 2020 • 1907
დედის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის კომპიუტერში ხელჩასაჭიდი არაფერი აღმოჩნდა

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი პროგრამისტის კომპიუტერში ხელჩასაჭიდი არაფერი აღმოჩნდა.

ოჯახი ვარაუდობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი “ინფორმაციისგან გაასუფთავეს” და შემდეგ დალუქეს.

“სავარაუდოდ, მანქანაც გასუფთავებულია დნმ-ისგან. ახლა FBI-ზეა დამოკიდებული, რას აღადგენენ. კომპიუტერი გამოძიებამ პირველივე დღეს წაიღო და ლუქმოხსნილი დაახვედრეს მიხეილ რამიშვილს. მიზანმიმართულად გაასუფთავეს ლეპტოპი და ისე დაახვედრეს. მერე ვითომ თავიდან დაილუქა და ახლა გახსნეს და გვაჩვენეს, რომ მარტო “იუთუბზე” შედიოდა ჩემი შვილი, მუსიკებს უსმენდა და თურმე მარტო ფოტოებისთვის და ვიდეობისთვის ჰქონდა მაკბუკი სამსახურიდან მიცემული”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.

თეონა თამაზაშვილმა ისაუბრა კიდევ ერთ ახალ გარემოებაზე, რომელიც მას ეჭვს უჩენს. თამაზაშვილის ცნობით, მას დაუკავშირდა ვინმე ბაჩანა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრად გაეცნო და საქმეში FBI-ის ჩართვა არ ურჩია.

“ჩემს ბიძაშვილს მოუყვანია გასვენების დღეს და გაუცვნია, როგორც თამუნას მეგობარი. მერე “ფეისბუქზე” დამიმეგობრა და მომწერა. 19 ივნისს ჩემი გოგონას დაბადების დღე იყო და მითხრა, რომ მთელი დღე ერთად გაუტარებიათ და ვითომ ძალიან ბედნიერი იყო თამუნა. სახლში დავიბარე, მოვიყვანე და გავესაუბრე და ისე უცნაურად დაიწყო ლაპარაკი, სასტიკად არ მომეწონა. წუხელ მომწერა და რომ ვახსენე, ამერიკის საელჩოსთან უნდა გავმართო აქცია FBI-ის ჩართულობის შესახებ, მითხრა: FBI რათ გინდა, რას გაარკვევს და ა.შ. მე ვუთხარი, ვინ ხარ, მოგზავნილი ხომ არ ხარ-მეთქი და აქეთ მწერს, იქნებ შენ თვითონ ხარ მოგზავნილიო. დავბლოკე “ფესიბუქზე”, – განაცხადა თამაზაშვილმა.

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. ოჯახმა გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვის მოთხოვნით 4 აგვისტოს საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართეს. აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები მათ შეხვდნენ და განუმარტეს, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო საქართველოში მიმდინარე გამოძიებაში ვერ ჩაერთვება, თუ სახელმწიფოსგან ოფიციალურ მოთხოვნას არ მიიღებს. ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე FBI-სთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი