ახალი ამბები

საპატრიარქო ემხრობა ყველა კონფესიისთვის საბჭოთა ზიანის ანაზღაურებას

4 აგვისტო, 2020 • 1165
საპატრიარქო ემხრობა ყველა კონფესიისთვის საბჭოთა ზიანის ანაზღაურებას

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აცხადებს, რომ მხარს უჭერენ ცვლილებების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს კომპენსაციის მიცემას ყველა იმ რელიგიური გაერთიანებისთვის, რომელსაც საბჭოთა პერიოდში ზარალი მიადგა.

საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ ამ საკითხზე შეხვედრა 14 ივლისს შედგა,  კავშირი “21-ე საუკუნის’’ ინიციატივით, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში, რომელშიც საქართველოს საპატრიარქოსა და სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები მონაწილდეობდნენ:

“შეხვედრაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ საქართველოს მთავრობის #117 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პროექტს, რაც ითვალისწინებს კომპენსაციის მიცემას ყველა იმ რელიგიური გაერთიანებისთვის, რომელთაც საბჭოთა პერიოდში მიადგათ ზარალი .

ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის მხარს უჭერდა ზემოაღნიშნულის განხორციელებას. ეს პოზიცია არაერთხელ იქნა გაჟღერებული ჩვენ მიერ და ვიმედოვნებთ, იგი რეალობად მალე იქცევა”, – აცხადებენ საპატრიარქოში.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო უკვე წლებია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს 25 მილიონ ლარს. როგორც საპატრიარქო აცხადებს, სახელმწიფოსგან მიღებული 25 მილიონი არის რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ეკლესია ამ ფულს ისევ საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სოციალური საქმიანობის დასაფინანსებლად იყენებს.

ვრცლად საპატრიარქოს ფინანსების შესახებ იხილეთ სტატია:

საპატრიარქოს კაპიტალი

მასალების გადაბეჭდვის წესი