ახალი ამბებისაზოგადოებასამართალი

ბაჩალიაშვილის დედა გამოძიებაში FBI-ის ჩართვის მოთხოვნით აშშ-ის საელჩოსთან აქციის გეგმავს

3 აგვისტო, 2020 • 1639
ბაჩალიაშვილის დედა გამოძიებაში FBI-ის ჩართვის მოთხოვნით  აშშ-ის საელჩოსთან აქციის გეგმავს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ხვალ, 4 აგვისტოს გამოძიებაში FBI-ის ჩართვის მოთხოვნით აშშ-ის საელჩოსთან აქციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემაში, “სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში” განაცხადა.

“ამდენი ხანია, 17 დღეა, არაფერი ვიცი ჩემი შვილის შესახებ. ამიტომ მე იძულებული ვარ მოვითხოვო FBI-ს ჩართვა. ხვალ, 12 საათზე ვგეგმავ ფართომასშტაბიან აქციას ამერიკის საელჩოს წინ. მთელ საქართველოს მივმართავ, ვინც მწერდა და მისამძიმრებდა,  თუკი რამით შეეძლოთ დახმარება, დადგა ის მომენტი, როცა თქვენ შეგიძლიათ ჩემი შვილის დახმარება. რაც მეტი ადამიანი ვიქნებით, ქუდზე კაცი თუ გამოვა, მსოფლიოს გავაგებინებთ, რომ ჩემი შვილი მოკლეს და თავი არ მოუკლავს. მივმართავ მთელ საქართველოს, შვილმკვდარ დედებს და მათაც, ვისაც შვილები კარგად გყავთ და გინდათ, რომ კარგად გყავდეთ, გევედრებით, გეჩოქებით, გეხვეწევებით, დამიდექით გვერდში. მივმართოთ, რომ FBI იყოს ჩართული”, — განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი  ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ამბობენ, რომ ქალი ან მოკლეს, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი