ახალი ამბები

დეპუტატების შეფასება გამოსვლების რაოდენობით ზედაპირულია, ნახონ, საზოგადოებაში რას აკეთებენ — თალაკვაძე

3 აგვისტო, 2020 • 959
დეპუტატების შეფასება გამოსვლების რაოდენობით ზედაპირულია, ნახონ, საზოგადოებაში რას აკეთებენ — თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის შეფასებითი ანგარიშს გამოეხმაურა და თქვა, რომ ზედაპირულია  სადეპუტატო საქმიანობის სიტყვით გამოსვლის შეფასება რაოდენობის მიხედვით. საუბარია TI-ის ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც, 2019 წელს 21 დეპუტატი სიტყვით საერთოდ არ გამოსულა.

პარლამენტის საქმიანობით დაინტერესებულ პირებს თალაკვაძე მოუწოდებს, რომ დეპუტატები საზოგადოებაში საქმიანობის მიხედვით შეაფასონ.

“მე ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ზედაპირული შეფასება, რომელიც ოდესმე მომისმენია და მინახავს სხვა ევროპული პარლამენტების შემთხვევაში. მე ვთხოვდი ყველას, ვინც დაინტერესებულია პარლამენტის საქმიანობის შეფასებით, , დეპუტატების გამოსვლების რაოდენობა მექანიკურად კი არ დათვალონ, არამედ ნახონ, რას აკეთებენ ეს ადამიანები იმ საზოგადოებაში, სადაც ისინი აირჩიეს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის შეფასებითი ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს 21 დეპუტატი სიტყვით საერთოდ არ გამოსულა. მათ შორისაა ირაკლი ხახუბია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების”  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

ამავე ანგარიშის მიხედვით,  2019 წელს პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის 1 200 შემთხვევა დაფიქსირდა.

პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, 43 შემთხვევაში 25 დეპუტატს ხელფასის 10% დაუკავდა; ხოლო კომიტეტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, 33 შემთხვევაში ხელფასის 10% დაუკავდა 22 დეპუტატს.

მასალების გადაბეჭდვის წესი