ახალი ამბები

82 439 ლარის მითვისების საქმეზე 4 პირს ბრალი წარედგინა

30 ივლისი, 2020 • 744
82 439 ლარის მითვისების საქმეზე 4 პირს ბრალი წარედგინა

აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, შპს “მარიამი ო.ბ.-2006-ის” დირექტორი ო.ბ. და ექსპერტი ბ.მ. დააკავა.

ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს, სამუშაოთა მიმღები კომისიის თავმჯდომარეს თ.მ.-ს და მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ყოფილ უფროს სპეციალისტს, სამუშაოთა ტექნიკურ ზედამხედველს რ.ვ.-ს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობისა და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს “მარიამი ო.ბ.-2006-ის” დირექტორმა ო.ბ.-მ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მიღების მიზნით დაამზადა შესრულებული სამუშაოების მიღების ყალბი აქტები, რომელთა სინამდვილეც დადასტურებული იყო სამუშაოთა ტექნიკური ზედამხედველის, რ.ვ.-ს ხელმოწერით, ექსპერტის ბ.მ.-ს მიერ გაცემული ყალბი ექსპერტიზის დასკვნებით და სამუშაოთა მიმღები კომისიის თავმჯდომარის, თ.მ.-ს მიერ დადასტურებული მიღება-ჩაბარების ყალბი აქტებით. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, შპს “მარიამი ო.ბ.-2006-ის” დირექტორი ო.ბ. უსაფუძვლოდ, მოტყუებით დაეუფლა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 82 439 ლარს.

ო.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ბ.მ.-ს 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო თ.მ.-ს და რ.ვ.-ს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით წარედგინათ.

ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი