ახალი ამბები

მინსკში პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი დააკავეს

30 ივლისი, 2020 • 1175
მინსკში პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში წარმოშობით ბელარუსელი პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი დააკავეს, იუწყება „მედუზა“.

შკლიაროვი სხვადასხვა დროს მუშაობდა აშშ-ში, პრეზიდენტ ობამასა და სენატორ სანდერსის კამპანიებში. აგრეთვე მუშაობდა 2018 წელს გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო კამპანიაშიც.

გამოცემის ინფორმაციით, შკლიაროვი ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ოპონენტის, სერგეი ტიხანოვსკის შტაბში მუშაობდა. ტიხანოვსკი ასევე დაპატიმრებულია, რის გამოც მის მაგივრად ბელარუსის პრეზიდენტობისთვის მისი მეუღლე, სვეტლანა ტიხანოვსკაია იბრძვის.

სხვა დეტალები შკლიაროვის დაკავებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

ვინ არის ვიტალი შკლიაროვი?

ვიტალი შკლიაროვი წარმოშობით ბელარუსელი პოლიტტექნოლოგია. როგორც CNN წერს, შკლიაროვი ჩართული იყო ბარაკ ობამასა და ბერნი სანდერსის საპრეზიდენტო კამპანიებში.

ბარაკ ობამას კამპანიაში, როდესაც ობამა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით იყრიდა კენჭს, შკლიაროვი მოხალისედ ჩაერთო. ბერნი სანდერსის კამპანიიაში კი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერიზის დროს ოფიციალურად მონაწილეობდა.

ამასთან, შკლიაროვი ჩართული იყო რუსეთში გამართულ მუნიციპალურ არჩევნებში, როგორც დიმიტრი გუდკოვის კამპანიის ხელმძღვანელი, და მუშაობდა ქსენია სობჩაკთან რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც.

საქართველოში ჩამოსვლა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გრიგოლ ვაშაძის კამპანიის დაგეგმვა შკლიაროვს, როგორც „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერივუში თავად ამბობს, მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა. პოლიტტექნოლოგის თქმით, ის ერთ-ერთია „იმ მცირე რაოდენობის ექსპერტთა შორის, რომლებიც სპეციალიზებული არიან ავტორიტარული რეჟიმების პირობებში ჩატარებულ არჩევნებზე“ და გრიგოლ ვაშაძის კამპანიაში ჩართვაც ამიტომ შესთავაზეს.


გარეკანის ფოტო: CNN

მასალების გადაბეჭდვის წესი