ახალი ამბები

ადვოკატის ცნობით, გამოძიებას Facebook-თან კომუნიკაცია სურს

29 ივლისი, 2020 • 1387
ადვოკატის ცნობით, გამოძიებას Facebook-თან კომუნიკაცია სურს

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ექსპერტიზის ბიუროში მისვლისას თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი დალუქულ მდგომარეობაში არ დახვდა.

“რატომ მეუბნებოდნენ, რომ გაიხსნებოდა ჩემი თანდასწრებით, როდესაც თურმე გახსნილი იყო, ჩვენ არ შევსულვართო, არ გაგვიხსნიაო, კოდი არ გამოვგვიყენებიაო. მოთხოვნაც დავაყენე და გადამოწმებას გავაკეთებ, იყო თუ არა მანამდე გახსნილი, იყვნენ თუ არა შესულები”, – განაცხადა რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის “ფეისბუკ” გვერდი, რომელიც ხუთდღიანი ძებნის შემდეგ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, სოციალურ ქსელში აღარ იძებნება. მიხეილ რამიშვილს ეს ფაქტიც აეჭვებს და ფეისბუკთან კომუნიკაციას ითხოვს.

“იმაზეც იყო საუბარი, რომ რატომღაც გაქრა ფეისბუკის ექაუნთი. ყველაფერი შემთხვევითობა არ შეიძლება იყოს”, – აცხადებს რამიშვილი.

მისი თქმით, გამოძიებამ თავად გამოთქვა სურვილი, რომ ფეისბუკთან კომუნიკაცია განხორციელდეს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ამბობენ, რომ ქალი ან მოკლეს, ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

ოჯახი ითხოვს, რომ საქმეს სამხარეო პოლიცია ჩამოშორდეს და გამოძიება შსს-ს გადაეცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი