ახალი ამბები

პირველი ამოცანა სვანური კოშკების აღდგენა იქნება – ხაზარაძე მესტიის მოსახლეობას

28 ივლისი, 2020 • 1201
პირველი ამოცანა სვანური კოშკების აღდგენა იქნება – ხაზარაძე მესტიის მოსახლეობას

“ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ხელისუფლებაში მოსლვის შემთხვევაში მისი პარტიის ნომერ პირველი ამოცანა სვანური კოშკების აღდგენა იქნება. ამის შესახებ ხაზარაძემ მესტიაში რაიონული ორგანიზაციის გახსნისას განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას “ლელო” ავრცელებს.

“სვანეთი არის ის ადგილი, სადაც მოსახლეობა ყოველთვის იცავს ადათ-წესებს. ეს არის ადგილი, სადაც მტერი ვერასდროს ვერ შემოვიდა და ახლა ჩვენი მტერი უმუშევრობა და სიღატაკეა, ამიტომ ახლა გვაქვს გადამწყვეტი ბრძოლა, რომ ვაჯობოთ იმას, რამაც ჩვენი ქვეყანა ასეთ ჭაობურ და გაჩერებულ მდგომარეობამდე მიიყვანა. როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა სვანური კოშკების აღდგენა იქნება. უნდა დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ ისტორიულ ძეგლებს, რომლითაც ვამაყობთ ქართველი ხალხი”,- განაცხადა ხაზარაძემ.

რაიონული ორგანიზაციის გახსნისას “ლელოს” კიდევ ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ კი განაცხადა, რომ მაღალმთიანი სოფლების შესახებ კანონი, რომელიც საგადასახადო შეღავათებს გულისხმობს, არ ვრცელდება სვანეთის სასტუმროებზე, ეს კი მოსახლეობის დასაქმებისთვის აუცილებელია:

“საგადასახადო შეღავათებზე კანონის გაუმართაობა არის შეცდომა, რადგან თანამედროვე სასტუმროების ქსელის განვითარება მაღალმთიან ზონებში არის მნიშვნელოვანი, რომ დასაქმდეს მოსახლეობა. ზემო სვანეთში ცხოვრობს თავისუფლების მოყვარული ხალხი”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი